განათლება
სკოლებში 2 300-მდე ახალი პედაგოგი მიიღეს
სკოლებში 4 080 ვაკანტურ ადგილზე 2 300-მდე ახალი პედაგოგი მიიღეს. ამის შესახებ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის არც ერთი კლასი მასწავლებლის გარეშე არ არის, ვინაიდან დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე საათები სკოლაში ამ დრომდე მომუშავე პედაგოგებზე გადანაწილდა.

სკოლებში დიდი ოდენობის ვაკანსიები მას შემდეგ გაჩნდა, რაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინიციატივის შემდეგ, საპენსიო ასაკის 6300 პედაგოგი ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ სკოლიდან წავიდა.

"გარკვეულ დისციპლინებში პედაგოგების სიმცირე ყოველთვის არსებობდა საქართველოში. ჩვენი გეოგრაფიიდან გამომდინარე გვაქვს 1 000-მდე სკოლა, სადაც ბავშვების რაოდენობა 100-ზე ნაკლებია. გვყავს 5- ბავშვიანი სკოლები, ერთბავშვიანი სკოლაც გვაქვს და ბუნებრივია, აქ საათების რაოდენობა იყო მცირე,“ - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ. 

მისივე განმარტებით, „საათების დამსხვილება“ პედაგოგებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე მოხდა, რის მიხედვითაც, ერთი საგნობრივი ჯგუფის კომპეტენცია დადასტურებულ პედაგოგს შეუძლია ასწავლოს ჯგუფში შემავალი ყველა საგანი.

„მაგალითად, ფიზიკა შეუძლია ასწავლოს ბიოლოგიის მასწავლებელმა, მათემატიკის მასწავლებელმა, ქიმიის მასწავლებელმა და სხვა კომბინაციაც შეიძლება. ფიზიკაში კი იყო პედაგოგების ნაკლებობა, მაგრამ ფიზიკაში ზოგ სკოლას ჰქონდა 9 საათი, ზოგ სკოლას აქვს 12 საათი და მეზობელ სკოლებში გადავანაწილეთ საათები. თუ მუშაობდა ერთ სკოლაში, ახლა მუშაობს პედაგოგი ორ სკოლაში. ეს ეხება რეგიონების სკოლებს. ახლა პედაგოგს 25 საათამდე შეუძლია ასწავლოს და მიიღოს ანაზღაურება. მაქსიმალური ოდენობა დაფინანსებული საათების - ეს არის 25 საათი. სკოლის დირექტორებს კი მცირეკონტიგენტიან მაღალი მთის სოფლებში 16 საათამდე მივეცით სწავლების საშუალება.“ - განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.
| Print |