განათლება
საბავშვო ბაღები მუშაობას ორი კვირით შეწყვეტენ

 

ორი მარტიდან 16 მარტამდე საგაზაფხულო არდადეგები სკოლასთან ერთად, ყველა საბავშვო ბაღში დაიწყება.

არდადეგები კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ცოტა ხნის წინ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოაცხადა. ინფორმაცია პრესსამსახურმა გაავრცელა.

უწყების ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში, შენობებში დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

პროცესს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი გაუწევენ. მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები მჭიდრო კოორდინაციაში რჩებიან ჯანდაცვის სამსახურებთან. საბავშვო ბაღებთან ერთად, სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება სხვადასხვა პროფილის დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

სკოლაში ორკვირიანი არდადეგების გადაწყვეტილება დღეს, 29 თებერვალს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მიიღეს.
| Print |