განათლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა შეწყდება

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სწავლა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეწყდება. სწავლის შეწყვეტის ვალდებულება ხვალ, 4 მარტიდან აქვთ.

"ამ გადაწყვეტილების კერძო სკოლებზე, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებზე სავალდებულოდ გავრცელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე. სასწავლო დაწესებულებებმა პროფილაქტიკის მიზნით უნდა ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად", - ვკითხულობთ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნვერსიტეტის რექტორის თქმით, სტუდენტებს სახლში ხვალ, ოთხ მარტს დილიდანვე გაუშვებენ. 

"სავარაუდოდ, პარასკევს დაიწყება სადეზინფეციო სამუშაოები სამივე კორპუსში. უკვე ვესაუბრეთ ბორჯომში რეგისტრირებულ კომპანიას, გვინდა რომ პროფესიონალებმა განახორციელონ სამუშაოები. ყველა შემთხვევაში მოვასწრებთ დასუფთავებას. ხვალ გვაქვს აკადემიური საბჭოს სხდომა, ახალ საგანმანათლებლო კალენდარს დავამტკიცებთ, რადგან მისი შეცვლის უფლებამოსილება მხოლოდ საბჭოს აქვს. იქიდან გამომდინარე, რა მდგომარეობა იქნება 16 მარტს, ვფიქრობთ რომ სასწავლო პროცესი დისტანციურად განხორციელდეს", - გვითხრა მაკა ბერიძემ. 

სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, უნივერსიტეტმა დასვენების დღეებად 9-დან 16 მარტამდე პერიოდი გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სკოლებში არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტს გამოცხადდა. სწავლა შეწყვიტეს უმაღლესმა სასწავლებლებმაც. ამ დროისთვის ჯერ არ შეცვლილა არდადეგების დასრულების თარიღი, 16 მარტი.
| Print |