განათლება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

 

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, დარეგისტრირდა 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი, 3 600-ზე მეტი სტუდენტი, 12 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი და 19 600-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი.

“პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა და გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად გამოცდებზე რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც რეგისტრაცია 30 მარტის ნაცვლად დასრულდა 30 აპრილის 18:00 საათზე", - ამბობენ ცენტრში. 

ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. გამოცდები ივლისში ტარდება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.

"სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობენ საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და მუდმივად გადიან კონსულტაციებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ამ რეკომენდაციების შედეგად განისაზღვრება გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღები".

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა აბიტურიენტებს 2020 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ, საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი - აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით.

 

| Print |