განათლება
მოლოდინი, რომ ბიბლიოთეკები მუშაობას შეზღუდვების შემდეგ განაახლებდნენ არ გამართლდა
ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული 14- ვე ბიბლიოთეკა მარტის შუა რიცხვებიდან დაიკეტა და მას შემდეგ უფუნქციოა. დაწესებულებები მკითხველის მასპინძლობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. როდის განაახლებენ მუშაობას - ეს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

ბიბლიოთეკების დაკეტვამ ყველა ასაკის მკითხველზე უარყოფითად იმოქმედა, თუმცა ყველაზე მეტად პრობლემის წინაშე აბიტურიენტები და სტუდენტები აღმოჩნდნენ. მას შემდეგ, რაც მკითხველებს წიგნზე წვდომის საშუალება აღარ ჰქონდათ, ელექტრონული წიგნების გამოყენება დაიწყეს, მაგრამ ეს გამოსავალი არ აღმოჩნდა.

ქალაქ ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის მენეჯერი სპეციალისტებისგან რეკომენდაციებს, ხელისუფლებისგან კი გახსნის თარიღს დღემდე ელის. მოლოდინი, რომ ბიბლიოთეკები მუშაობას შეზღუდვების მოხსნის შემდეგ განაახლებდნენ - არ გამართლდა. ლილი აჩელაშვილის თქმით, ბოლო ერთი თვეა წიგნებზე მოთხოვნა გაიზარდა. ამის შესახებ მოქალაქეები ბიბლიოთეკის ფეისბუკ გვერდზე წერენ. აქედან გამომდინარე, მენეჯერი თვლის, რომ აუცილებელია ბიბლიოთეკამ ძველი რეჟიმით მუშაობა მალე განაახლოს.

ბიბლიოთეკები ჩვეულ რეჟიმში მუშაობას სავარაუდოდ, სექტემბერში შეძლებენ - იმედოვნებს ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი გიორგი ჟუჟნაძე. უწყებამ ჯანდაცვის სამინისტროდან ის რეგულაციები მიიღო, რომლებიც ბიბლიოთეკებმა მუშაობის განახლების შემთხვევაში უნდა გაითვალისწინონ. გიორგი ჟუჟუნაძე ამბობს, რომ პირველ რიგში ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკა გაიხსნება, შემდეგ კი მუნიციპალიტეტში არსებული დანარჩენი ბიბლიოთეკებიც განაახლებენ მუშაობას.


პანდემიამდე ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკის წელიწადში საშუალოდ, 2 500 მკითხველი ჰყავდა. 2020 წელს კი მხოლოდ 400. ბიბლიოთეკის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ თუ მუშაობას სექტემბერში განაახლებენ, 2020 წელს მომხმარებლების მინიმალური რაოდენობით დაასრულებენ.

| Print |