განათლება
ახალციხელი აბიტურიენტები, რომლებმაც უნივერსიტეტებში 100%-იანი გრანტი მიიღეს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულთა სია, ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, 100%-იანი გრანტი ახალციხის სკოლებიდან 11-მა აბიტურიენტმა მიიღო. აქედან ცხრა სტუდენტი მესამე (სომხურენოვანი) სკოლის მოსწავლეა და ისინი 1+4 პროგრამაზე ჩაირიცხნენ, ორი კი თბილისის უნივერსიტეტებში, სასურველ ფაკულტეტზე მოხვდა.

გიორგი ნადირაძე იმ ახალციხელ ახალგაზრდებს შორისაა, რომელმაც 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და 100%-იანი გრანტი მიიღო. მან არჩევანი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტზე გააკეთა, სადაც საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

„ამ უნივერსიტეტზე იმის მიხედვით შევაჩერე არჩევანი, თუ როგორი პოპულარობით სარგებლობს, ამ ფაკულტეტზე სწავლის რამდენად კარგი ხარისხია, სხვა სტუდენტები რა აზრის იყვნენ. საინფორმაციო ტექნოლოგიები ბავშვობიდან მაინტერესებდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ვიმუშავებ ნებისმიერი მიმართულებით, სადაც პროგრამირება იქნება საჭირო“, - ამბობს გიორგი.

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლა დაამთავრა ლიკა ნათენაძემ, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და 100%-იანი გრანტის მფლობელი გახდა. ის წელს ერთადერთია ამ სკოლის კურსდამთავრებულებიდან, რომელმაც სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა.

“ექიმობა ბავშვობიდან მინდოდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მეათე კლასში მივიღე. ძალიან მომწონდა ის საგნები, რომლებიც სამედიცინოზე ისწავლებოდა - ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. სამედიცინოზე კი ჩავირიცხე, მაგრამ რა მიმართულებას ავირჩევ, გადაწყვეტილი არ მაქვს. სწავლის პროცესში რომელი სფეროც უფრო გამიტაცებს, იმას გავყვები. ექიმი გამოვალ, მაგრამ რისი ექიმი, ეგ ექვსი წლის შემდეგ უნდა გადავწყვიტო“, - ამბობს ლიკა, რომელსაც ოჯახში სამედიცინო განათლებით არავინ ჰყავს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ლარისა არაქელიანმა გაარკვია, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოსამზადებელ კურსზე ჩაირიცხა და სრული დაფინანსება მოიპოვა. მან ახალციხის მესამე (სომხურენოვანი) საჯარო სკოლა დაამთავრა. როგორც 1+4 პროგრამის მონაწილემ, ზოგადი უნარების გამოცდა მშობლიურ ენაზე ჩააბარა. ლარისა უნივერსიტეტში ერთი წელი ქართულ ენას შეისწავლის და მომავალი წლიდან პროფესიას აირჩევს, სადაც სწავლას ასევე უფასოდ გააგრძელებს.

„ჩვენი სკოლიდან ცხრა აბიტურიენტმა მიიღო 1+4 პროგრამაზე სრული გრანტი, ერთ-ერთი მე ვარ. როგორც ველოდი, გამოცდა ისეთი ძნელი არ იყო. როცა გამოცდის პასუხი გავიგე, შოკში ვიყავი, არ ველოდებოდი ამ შედეგს. ვაპირებ, რომ მომავალი წლიდან სწავლა ინგლისურ ფილოლოგიაზე გავაგრძელო“, - ამბობს ლარისა.

თაკო გვირჯიშვილი 2020 წლის ეროვნული გამოცდებით, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მან სამართლის ფაკულტეტზე ჩააბარა და 100%-იანი გრანტი მიიღო. თაკო მესამე კლასამდე ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი ოჯახთან ერთად თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. „მეცხრე არხთან“ ამბობს, რომ სამართლის სპეციალობით ბავშვობიდან დაინტერესდა და მას შემდეგ გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

„დაახლოებით, მეექვსე კლასიდან ვიცოდი, რომ სამომავლო გეგმები სამართლის სფეროსთვის უნდა დაემკავშირებინა. მე-12 კლასში უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე. ეროვნული გამოცდების ქულების გაგების შემდეგ, წინასწარი პროგნოზი მქონდა, გამოვთვალე, რომ დაახლოებით ასეთი შედეგი მექნებოდა, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო. საქართველოში ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ მინდა. გერმანულს ვსწავლობ და გერმანიაში მინდა წასვლა. რა თქმა უნდა, შემდეგ დავბრუნდები საქართველოში“, - გვიყვება თაკო.

2020 წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა. სახელმწიფო გრანტი კი 6 550-მდე ახალგაზრდამ მოიპოვა. 100%-იანი დაფინანსება 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა მიიღო.
| Print |