განათლება
როდის და რა ფორმით განახლდება სწავლა ახალციხის სკოლებში?
ახალციხის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა 18 იანვარს განახლდება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ხათუნა ხმალაძის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში სწავლის დისტანციურად გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას, სამინისტროს შესაბამისი ბრძანების მიხედვით მიიღებენ.

„დღეის მდგომარეობით ქალაქ ახალციხის და ახალციხის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდება 18 იანვარს, საჭიროების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გაითვალისწინებენ წინაპირობებს და გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 09 სექტემბრის N95/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესისა და პირობების’’ შესაბამისად" - აცხადებს ხათუნა ხმალაძე.

სასწავლო პროცესის დაწყებამდე სკოლის ხელმძღვანელები კონსულტაციებს მშობლებთან გადიან, თუ რა ფორმითაა მათთვის სწავლის განახლება მისაღები. თუმცა დირექტორების თქმით, ამ საკითხს განათლების სამინისტრო წყვეტს.

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის განმარტებით, ამ ეტაპზე არსებული რეკომენდაციით, სწავლა სკოლის კედლებში განახლდება.

“ვიწყებთ ჩვეულებრივად, პირდაპირი სწავლებით და მშობლებთან კომუნიკაცია გვაქვს რასაკვირველია“ - აცხადებს ინგა ვარდიძე.

საახალწლო არდადეგებისა და მთავრობის მიერ შემოღებული უქმე დღეების დასრულების შემდეგ, 18 იანვრიდან სწავლა საქართველოს მასშტაბით, უნდა განახლდეს. თუმცა რა ფორმით იქნება ეს შესაძლებელი, განსაზღვრული არ არის. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ახლანდელი ეპიდსიტუაცია არ არის საიმედო, მაგრამ არის ერთი მოცემულობა, რა შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება, რომ მთავრობამ სკოლების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებაზე მუშაობა დაიწყოს.

„ჯერჯერობით, სამწუხაროდ, სკოლებისა და ბაღების გახსნისთვის ეპიდემიური სურათი არ არის კეთილსაიმედო. ამდენად, ამას კიდევ უნდა დავაკვირდეთ. ბევრი ქვეყანა სკოლებისა და ბაღების გახსნის გადაწყვეტილებას იღებს ისევ და ისევ დადებითობის მაჩვენებლის საფუძველზე, თუ ეს არის 5 პროცენტზე ნაკლები, 3 პროცენტი მაინც უნდა იყოს, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ სკოლებისა და ბაღების გახსნაზე და როგორც კი მივუახლოვდებით ამ მაჩვენებლს, შემდეგ უკვე, რათქმაუნდა, შეიძლება ამ მიმართულებით ფიქრი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო მეორე სემესტრის წარმართვასთან დაკავშირებით, როგორც დიდ ქალაქებში, ისე რეგიონების შემთხვევაში, 18 იანვრამდე გახდება ცნობილი.

| Print |