განათლება
უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები ფულად დანამატს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საჯარო სკოლების უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლები დანამატს მიიღებენ. განათლების სამინისტროს ცნობით, ამისთვის საჯარო სკოლებს იანვრიდან დამატებითი დაფინანსება გამოეყოფათ.

სრული დატვირთვის (15 საათი) მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით ეზრდებათ. ხელფასი ეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვს სრული დატვირთვა, პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად.

„2018 წელს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილების საფუძველზე ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები სისტემამ მასწავლებლად აღიარა. 2020 წელს კი, სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.

ასევე, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს 2023 წლის პირველ იანვრამდე ეძლევათ შესაძლებლობა, დაადასტურონ კომპეტენცია, რაც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს.

გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი და საგნის მასწავლებლის მსგავსად მიეცემა სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატი“,
- აცხადებენ განათლების სამინისტროში.
| Print |