განათლება
რა გამოწვევების წინაშე დგას საგანმანათლებლო სექტორი ახალციხეში?
საქართველოს სკოლების უმეტესი ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე რჩება. ამ მეთოდით დაიწყებს მეორე სემესტრს ახალციხის საჯარო სკოლების ნაწილიც. კორონაპანდემიის გამო, პედაგოგები, პროფესორები, სტუდენტები და მოწავლეები რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. მათ სასწავლო პროცესში ჩართვა გაუჭირდათ, რადგან ონლაინ სწავლება მთელ რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლა მეორე სემესტრის დაწყებას კვლავ დისტანციურად გეგმავს. მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინფიცირების გამო, საგანმანათლებლო დაწესებულებას პირველი სემესტრის დახურვა ონლაინ რეჟიმში მოუწია. სწავლების ეს მეთოდი რთული და ამავდროულად საინტერესო აღმოჩნდა სკოლის პედაგოგებისთვის. ნანა დათაშვილის თქმით, სასწავლო კლასებიდან ონლაინ გაკვეთილებზე გადანაცვლება მარტივი არ იყო. თუმცა განათლების სფეროს ეს ახალი გამოწვევა, საინტერესო და ტექნოლოგიური თვალსაზრისით, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. სირთულეების მიუხედავად, ინტერნეტ ურთიერთობაში, განსხვავებულ გარემოში მუშაობა ყველასთვის რაღაც ახლის დასაწყისი აღმოჩნდა.

„დისტანციური სწავლებისას გადავწყვიტე, ჩემს კოლეგებს დავხმარებოდი, ამიტომ შევქმენი საკუთარი YouTube გვერდი, სადაც განმავითარებელი ვიდეოების ატვირთვა დავიწყე, ვიდეოები მორგებული იყო ონლაინ პლათფორმაზე.

მართალია ჩემთვის რთული იყო, მაგრამ ახალი გამოწვევა აღმოჩნდა და ყველანაირად ვეცადე შევგუებოდი, სწორედ ამ პერიოდში უფროსი მასწავლებლის ტიტულიც მოვიპოვე,“
- ამბობს ნანა დათაშვილი.

ახალციხის დამოუკიდებელი სკოლა „მზექა“ ახალ სემესტრს საკლასო ოთახებში იწყებს. პირველი სემესტრი "მზექამ" ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში დაასრულა. სკოლის პედაგოგის სოსო გიქოშვილის თქმით, მისთვის დისტანციური სწავლების მეთოდი რთული აღმოჩნდა. სიახლესთან შეგუება პედაგოგების გარდა მოსწავლეებსაც გაუჭირდათ, რადგან პროცესს თან გარკვეული ხარვეზები ახლდა.

„ბავშვები სასწავლო პროცესში ნაკლებად იყვნენ ჩართულები, გარდა ამისა ეშმაკობაც ისწავლეს და როდესაც დავალებაზე ვეკითხებოდი სხვადასხვა მიზეზები ქონდათ, ზოგს წყალი უნდებოდა და ზოგს იტერნეტის ხარვეზი ჰქონდა და ა.შ.“- ამბობს სოსო გიქოშვილი.

დისტანციური სწავლების პროცესში ჩართვა მოუწია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც. ლექტორებისთვის ონლაინ ურთიერთობები რთული აღმოჩნდა. პეტრე დაუთაშვილი თქმით, ონლაინ რეჟიმში სწავლების პერიოდში, სტუდენტების ლექცია-სემინარებზე დასწრება საგრძნობლად შემცირდა.

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ინტერნეტ რესურსის არქონა იყო, ამას გარდა, ზოგ სტუდენტს არ ჰქონდა კომპიუტერი, ამიტომ მათთან კონტაქტს ეს უფრო ართულებდა“, - აცხადებს უნივერსიტეტის ლექტორი.

დისტანციურ სწავლების პერიოდი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, ვისაც ინტერნეტ რესურსი და ტექნიკა არ გააჩნიათ. პროცესი ორმაგად რთული იყო დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის. იმის გამო, რომ გაკვეთილებს ვერ ესწრებოდნენ, ბავშვები სკოლის მასალას ჩამორჩნენ, რის გამოც ფსიქოლოგიური სტრესი მიიღეს.

„მობილურის ინტერნეტი მაქვს, რადგან ჩვენს სოფელში საკაბელო ინტერნეტი შემოყვანილი არ არის. გაკვეთილებს, რომ ვერ ესწრებოდა ჩემი შვილი ძალიან ნერვიულობდა, ტიროდა და განიცდიდა, ეს მისთვის ფსიქოლოგიურად რთული აღმოჩნდა. სკოლის მასალასაც რათქმაუნდა ჩამორჩა“ - ამბობს მოსწავლის მშობელი მარეხი ბრეგაძე.

UNICEF-ის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე სახელმწიფოსგან, იმ პრობლემების დროულად მოგვარებას მოითხოვს, რომლებიც ონლაინ სწავლების პერიოდში შეიქმნა. გაეროს გლობალური ანგარიშის მიხედვით კი საქართველოში ასეთი 50 400 ბავშვია.

„პრობლემის წინაშე არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ პედაგოგებიც აღმოჩნდნენ, რადგან მათ ნაწილს შესაბამისი გადამზადება არ გაუვლიათ“, - ამბობს მაია ქურციკიძე.

მისი შეფასებით, დისტანციური განათლების პროცესი ყველაზე რთული სციალურად დაუცველებისთვის აღმოჩნდა, რადგან მათ ინტერნეტთან და ტექნოლოგიებთან წვდომის საშუალება არ ჰქონდათ, განსაკუთრებით კი მრავალშვილიან ოჯახებს.

დისტანციური სწავლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ინტერნეტთან წვდომის არქონაა. გაეროს ბავშვთა ფონდის გლობალური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მოსწავლეების 15%-ს ინტერნეტი არ აქვს, შესაბამისად, ისინი პანდემიისა და დისტანციური სწავლების პერიოდში განათლების გარეშე რჩებიან.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |