განათლება
2021 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა გამოქვეყნდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, 2021 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა დღეს, 26 იანვარს გამოაქვეყნა. აღნიშნული პროგრამა, რითაც აბიტურიენტები და რეპეტიტორები ხელმძღვანელობენ, ყოველწლიურად ქვეყნდება. სხვა წლებთან შედარებით, წელს ეს პროგრამა დაგვიანებით გამოქვეყნდა.
2021 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამები საგნების მიხედვით შეგიძლიათ იზილოთ ბმულზე: edu.aris.ge.

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წლიდან აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამები და დავალებათა ტიპები უცვლელი რჩება. რამდენიმე საგანში მხოლოდ გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა შემცირდება. ეს ცვლილება შეეხება 3 საგნის – მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს.

2021 წლის მათემატიკის ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი – 51.

ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო იქნება 3 სთ, მინიმალური ბარიერი კი – არანაკლებ 11 ქულისა (უმაღლეს სასწავლებლებს უფლება აქვთ უფრო მაღალი ბარიერი დააწესონ).

ფიზიკისა და ქიმიის ტესტებზე სამუშაოდ გამოყოფილი იქნება 3 საათი, ხოლო მაქსიმალური ქულა – 63.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორაციით, სხვა საგნების ტესტებში ცვლილებები არ იგეგმება.

| Print |