განათლება
განახლდება თუ არა ახალციხეში სწავლა საკლასო ოთახებში?
პირველ თებერვალს, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, სწავლა საკლასო ოთახებში აღდგება. ჩვეულებრივ რეჟიმში გაგარძელებენ სასწავლო პროცესს ახალციხის სკოლებშიც.

მესამე, მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლებში გაკვეთილები ორ სმენად ჩატარდება. პირველი სმენა სასწავლო პროცესს 09:00 საათზე, მეორე კი 13:30 საათზე დაიწყებს.

უკვე ჩაირთო გათბობის სისტემა და მზადაა მოსწავლეები მიიღონ ახალციხის პირველ საჯარო სკოლაშიც. სკოლის დირექტორის, ჟუჟუნა გოგოლაურის თქმით, სწავლა ყველა რეგულაციის დაცვით განახლდება. საგანმანათლებლო დაწესებულება აღჭურვილია სადეზინფექციო ხსნარებითა და დეზობარიერებით. 

სექტემბერში შემუშავებული ცხრილით, საკლასო ოთახებში განაახლებს გაკვეთილებს მეორე საჯარო სკოლაც. 

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში, სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა; საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით; მოქნილად დაგეგმოს ცვლები; მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი; შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება; სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, სასწავლო დღედ გამოიყენოს შაბათი დღე.

შეგახსენთ, რომ კორონაპანდემიის გამო ქალაქ ახალციხის საჯარო სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ რეჟიმში განახლდა, რადგან სწავლების ეს მეთოდი მოსწავლეების მშობლებმა მოითხოვეს.
| Print |