განათლება
ახალციხის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა
პირველი თებერვლიდან ახალციხის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. 29 იანვრის ჩათვლით ქალაქის სასწავლო დაწესებულებებში სწავლა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

მესამე, მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლებში გაკვეთილები ორ სმენად ტარდება. პირველი სმენა სასწავლო პროცესს 09:00 საათზე, მეორე კი 13:30 საათზე იწყებს.

სექტემბერში შემუშავებული ცხრილით, საკლასო ოთახებში განაახლეს გაკვეთილები პირველ და მეორე საჯარო სკოლებშიც.

პირველი თებერვლიდან კლასებში დაბრუნდნენ მოსწავლეები საქართველოს მასშტაბით, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა. რაც შეეხება ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბანის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლებს, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მათ უფლება აქვთ სწავლების მეთოდი თავად განსაზღვრონ.

ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა; საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით; მოქნილად დაგეგმოს ცვლები; მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი; შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება; სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, სასწავლო დღედ გამოიყენოს შაბათი დღე.
| Print |