განათლება
მიხეილ თარხნიშვილის არქივი საქართველოშია
საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და საეკლესიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი მკვლევარის მიხეილ თარხნიშვილის არქივი ნაპოვნია - ინფორმაციას ამის შესახებ ისტორიკოსი გიორგი კალანდია ავრცელებს.

,,დღეს ჩემთვის, როგორც ქართველი მეცნიერისათვის, ერთ-ერთი უბედნიერესი მომენტია – საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და საეკლესიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი მკვლევარის მიხეილ თარხნიშვილის არქივი საქართველოში აღმოჩნდა და მისი მიკვლევის პატივი მე მერგო!

საქმე იმაშია, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში ჩემს მეგობრებთან ერთად გადმოვიტანე ქართული ისტორიოგრაფიის გამორჩეული წარმომადგენლის, სახელგანთქმული ქართველი ისტორიკოსის ჯუანშერ ვათეიშვილის არქივი.
ვერ მოვითმინე და ამ უქმეებზე არქივის პირველადი დამუშავება უკვე დავიწყე და, ჰოი, საოცრებავ… დღეს ამ კოლექციაში აღმოჩნდა სამი დიდი საქაღალდე წარწერით „მ.თარხნიშვილი“. თვალებს არ ვუჯერებდი როდესაც ამ საქაღალდეებში პირველი ხარისხოვანი დოკუმენტები ვიპოვნე. მათ შორისაა, მიხეილ თარხნიშვილის პასპორტი გაცემული 1919 წელს დემოკრატიული მთავრობის მიერ, მიმოწერა ვატიკანთან, დიპლომები და სიგელები, სტამბოლის ქართულ ეკლესიასთან დაკავშირებული უნიკალური მასალები, თარხნიშვილის ჩანაწერები, სამეცნიერო სტატიები და ასე შემდეგ…

როგორც ჩანს, ღვაწლმოსილმა ქართველმა მეცნიერმა ჯუანშერ ვათეიშვილმა ეს ძვირფასი არქივი საბჭოთა პერიოდში იტალიაში იპოვნა, გადაარჩინა და სამშობლოში მაშინ ჩამოიტანა, როცა მიხეილ თარხნიშვილის სახელი ჯერ კიდევ აკრძალული და ტაბუირებული იყო… ალბათ მეცნიერი მის შესწავლასა და გამოცემასაც გეგმავდა…

დღეს ეს უნიკალური საგანძური უკვე ჩვენს მუზეუმშია. ამ ფაქტით უზომოდ გახარებული და ბედნიერი ვარ, ეს ამბავი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი ხდება” -
წერს გიორგი კალანდია.

აღნიშნული ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ისტორიკოს მთვარისა თარხნიშვილისთვის. 

,,ვიცი ბევრს გაეხარდა მაგრამ ჩემსავით არავის გაეხარდებოდა. პაპაჩემის ბიძაშვილი იყო ეს ადამიანი. ბავშობაში სულ მასზე მიყვებოდნენ მამა და ბიძა, რომელიც მის სახელს ატარებდა. მიქელ თარხნიშვილი რომ გარდაიცვალა, რაღაც წერილი მოვიდა ბიძაჩემის სახელზე. უშიშროებამ მოიტანა. ბიცოლა მასწავლებელი იყო. უშიშროების წარმომადგენელმა გაფრთხილა, უარი ეთქვათ ამ წერილის აღებაზე, თორემ პრობლემები შეექმნებოდათ. ბიცოლაც ჩემი ქმარს და შვილებს გაუფრხილდა და წერილი არ აიღო. მეოთხე კლასში დავიწყე ასომთავრულის სწავლა. მეც მინდოდა წამეკითხა პალესტინის ქართული წარწერა.. ისტორიკოსობაც მისი სიყვარულით გადავწყვიტე. არ დამავიწყდება მამას ემოცია, როცა წიგნი მივუტანე, სადაც მისი ფოტო იყო. ჩაიცვა, უცებ დაქოქა თავის ,,გაზიკი" და ბიძაჩემთან წამიყვანა. ნეტა გენახათ, როგორ ეფერებოდნენ მის სურათს მამა და ბიძა" - განმარტავს მთვარისა თარხნიშვილი.
მიხეილ თარხნიშვილი დაიბადა ახალციხელი კათოლიკეების, სტეფანე თარხნიშვილისა და სალომე სეფიძის ოჯახში. დაწყებითი განათლება სკრას სახალხო სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც, 1913 წელს, ქართველმა კათოლიკე ბერებმა სტამბოლში არსებულ სამონასტრო სკოლაში (ფერი-ქოა) სასწავლებლად შეარჩიეს. მისი დასრულების შემდეგ, 1917–1919 წლებში სწავლობდა გერმანელ ბენედიქტინელთა ეტალის (სამხრეთ ბაიერნი, გარმიშ-პარტენკირხენთან) სააბატოში. 1919 წელს მცირე ხნით იმყოფებოდა თბილისში, რაც სამშობლოში მისი უკანასკნელი ვიზიტი აღმოჩნდა. 1919–1924 წლებში კვლავ სტამბოლშია, 1924–1929 წლებში გაემგზავრა ავსტრიაში, სადაც გაიარა წმ. გაბრიელის საღვთო სიტყვის საზოგადოებაში ფილოლოგიისა და ფილოსოფიის კურსი, ხოლო 1930–1933 წლებში სწავლობდა რომში — პაპის აღმოსავლეთის ინსტიტუტში, რომელიც თეოლოგიის დოქტორის ხარისხით დაასრულა.

მიხეილ თარხნიშვილს 1931 წლის 6 აგვისტოს რომის მახლობლად, გროტაფერატაში ხელი დაასხეს მღვდლად. 1934–1936 წლებში მიხეილ თარხნიშვილი სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა ქართველ კათოლიკე ემიგრანტთა შორის ბელგიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. 1936–1942 წლებში იმყოფებოდა ბენედიქტინელ ბერებთან ბაიერნში (ჯერ დეგენდორფში, შემდეგ მეტენში). 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე დარჩა რომში.

მიხეილ თარხნიშვილის სამეცნიერო დამსახურებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული ლიტურგიული ტექსტების დამუშავება და გამოცემა, იტალიის წიგნთსაცავებში დაცული ქართული წყაროების აღმოჩენა და გამოქვეყნება, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების თარგმა და გამოქვეყნება. განსაკუთრებით გამოსაყოფია მისი გამოკვლევა პალესტინაში V საუკუნის სამონასტრო კომპლექსის ქართული წარწერების შესახებ, რომელიც იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ აღმოაჩინა და მიხეილ თარხნიშვილი მიიწვია.
| Print |