განათლება
ახალციხელმა მოსწავლეებმა ესეების კონკურსში გაიმარჯვეს
მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონკურსის „მე დავინახე ევროპა საქართველოში“ გამარჯვებულები ცნობილია. ჟიურიმ საუკეთესო ესეები დაასახელა. ექვსი გამარჯვებულიდან ორი სამცხე-ჯავახეთიდანაა - ახალციხის N6 საჯარო სკოლის მოსწავლე ეკატერინე ბექაური და ახალციხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ბოიაჯიანი. მათ გარდა, საუკეთესო ესეების ავტორებად დასახელდნენ მარნეულის ორი სკოლის, ასევე აფხაზეთს და თბილისის სკოლის მოსწავლეები.

პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისათვის სერტიფიკატი გადაეცა ახალციხის N6 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს თამარ ჩაფიჩაძეს.

მოსწავლეთა და მასწავლებელთა ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი 3 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა. ყველა გამარჯვებულს გადაეცა სერტიფიკატი, პროექტის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელო, პლანშეტი და მეხსიერების ბარათები.

კონკურსში მონაწილეობა 13-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეებს შეეძლოთ, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებითა და დევნილებით დასახელებულ რეგიონებში ცხოვრობდნენ.

კონკურსი მიმდინარეობდა კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) ფარგლებში. პროექტის მიზანი იყო საქართველოს ფართო საზოგადოების მხარდაჭერა ევროპეიზაციის პროცესის მიმართ, ევროპული ფასეულობებისა და ღირებულებების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება.
| Print |