განათლება
ვამბობ, რომ პირველ ეტაპზე შეხვიდეთ მიკროფონების და კამერების გარეშე - მეუფე ნიკოლოზი
ნინოწმინდის პანსიონში დღეს ვითარების ადგილზე გასაცნობად ტრეფიკინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ჩავიდა.

შესაძლოა ნინოწმინდის პანსიონში ჟურნალისტები დაუშვან - ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა. მისი თქმით, ამ თემაზე მოლაპარაკება უნდა გაიმართოს.

მეუფე დღეს ნინოწმინდაში რამდენიმე წინადადებით ჩავიდა. პირველ ეტაპზე სასურველია, რომ სოციალურმა მუშაკებმა დაკვირვების შემდეგ ყოველი დღის ბოლოს მედიასთან გააკეთონ მონიტორინგის შესახებ კომენტარი.

,,ჯერ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, აქ ყველა დაძაბულია. მძიმეა ასეთ პირობებში ცხოვრება. ვამბობ, რომ პირველ ეტაპზე შეხვიდეთ მიკროფონების და კამერების გარეშე და მოისმინოთ და შეხედოთ მდგომარეობას და ასე ეტაპობრივად გავხსნათ კარი. სოციალური მუშაკები მუშაობენ და გაგვცენ მათ პასუხი კითხვებზე,"- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა. 

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მომხდარ ამბებს პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. მათი საერთო პოზიციაა, რომ ბავშვები უნდა იყვნენ დაცულ გარემოში.

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის თემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა ბავშვი უნდა იყოს უსაფრთხო გარემოში და სახელმწიფომ ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

,,სახელმწიფო ინსტიტუტები თავის თავზე დაკისრებულ ფუნქცია/მოვალეობას ვერ ასრულებენ. მე მიმაჩნია, რომ ყველა ბავშვი უნდა იყოს უსაფრთხო გარემოში გადაყვანილი. კანონი ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს ერთი ყველასთვის, მიუხედავად იმისა რა რეგალიისაა ადამიანი,"-აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
| Print |