განათლება
ნინოწმინდის პანსიონატში საპატრიარქოს, ჯანდაცვის სამინისტროსა და იუნისეფის წარმომადგენლები იმყოფებიან
ნინოწმინდის პანსიონატში დღეს დილიდან საპატრიარქოს სპეციალური კომისიის წარმომადგენელი ედიშერ ქარჩავა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და იუნისეფ საქართველოს დირექტორი ღასან ხალილი იმყოფებიან. სამივე მათგანი სოციალურ მუშაკებსა და აღსაზრდელებს ხვდება. ამ დრომდე არ განიხილება პანსიონში სახალხო დამცველის შესვლის საკითხი.

ვიდრე პანსიონის სტუმრები მედიასთან კომენტარს გააკეთებენ, მანამდე სახალხო დამცველი ირწმუნება, რომ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ და მოქმედ ბენეფციარებზე ზეწოლა ხორციელდება, რათა მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენება არ მისცენ.

ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატს ნინოწმ​ინდის პანსიონში მცხოვრები ყოფილი ბენეფიციარი დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად საპატრიარქოს მიერ დაქვემდებარებულ ხიჭაურის უნივერსიტეტში ირიცხება. არასრულწლოვანმა რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა, რომ საგამოძიებო უწყებებისთვის ნინოწმინდის პანსიონში არსებული ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა, თუმცა მას შემდეგ, რაც ის პოლიციიდან დაბრუნდა, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, არასრულწლოვნის ერთადერთი საცხოვრებელი, სწორედ უნივერსიტეტი იყო, წუხანდელი ღამის გათენება მას ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში მოუწია, ამჟამად კი ის ღია ცის ქვეშ არის დატოვებული. ნინო ლომჯარიას თქმით, სახელმწიფო უწყებებთან ერთად სახალხო აპარატი მუშაობს, რომ მისთვის თავშესაფარი გამოიძებნოს.

ამას გარდა, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ზეწოლა მიმდინარეობს ბენეფიციარების როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან წევრებზე, რათა მათ საგამოძიებო უწყებებს ჩვენება არ მისცენ. ომბუდსმენი შესაბამის უწყებებს ფაქტების დაინტერესებისა და გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ნინოწმინდის ბავშთა პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი 6 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი დააკმაყოფილა. ორგანიზაცია პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა. საპატრიარქო, სარჩელის გასაჩივრებას აპირებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებზე შესაძლო ზეწოლა ახალი დანაშაულია, რაზეც სახელმწიფო სტრუქტურებს შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს.


,,მოწმეზე და მსხვერპლზე ზეწოლა, მათ მიერ მიცემული ჩვენების გამო, მართლმსაჯულებისთვის და გამოძიებისთვის ხელშეშლა არის ახალი დანაშაული, რაზეც ეს წუთია ისაუბრა სახალხო დამცველმა ბრიფინგზე. მოვითხოვთ სამართალდამცავებისგან ყველა ბავშვი და ზრდასრული მოწმის და მსხვერპლის მიმართ სპეციალური დაცვის ღონისძიების გატარებას და სავარაუდო დანაშაულზე რეაგირებას", - წერს ანა არგანაშვილი.

სახალხო დამცველმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ და მოქმედ ბენეფიციარებზე ზეწოლა ხორციელდება, რათა მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენება არ მისცენ. სახალხო დამცველის აპარატს ფაქტის შესახებ ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ყოფილი ბენეფიციარი დაუკავშირდა.
| Print |