განათლება
ნინო ლომჯარიას საპატრიარქოსთან თანამშრომლობის სურვილი არ გამოუთქვამს - ედიშერ ქარჩავა
ნინოწმინდის პანსიონატში გამართული შეხვედრა დასრულდა. დღეს დილიდან საპატრიარქოს სპეციალური კომისიის წარმომადგენელი ედიშერ ქარჩავა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და იუნისეფ საქართველოს დირექტორი ღასან ხალილი სოციალურ მუშაკებსა და აღსაზრდელებს ხვდებოდა. ამ დრომდე არ განიხილება პანსიონში სახალხო დამცველის შესვლის საკითხი.

სამივე მათგანმა პანსიონატი 17:00 საათის მერე დატოვა. მედიასთან კომენტირებისას აღნიშნეს, რომ შეხვედრა ხვალ ისევ გაგრძელდება. მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას თქმით, ,,სახელმწიფოსთვის დიდი ზომის დაწესებულებების ფუნქციონირება მისაღები არ არის, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ბავშვებთან მუშაობას და მათი ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედებთ. ცხადია, თუ მათ პანსიონატიდან წასვლის სურვილი ექნებათ, სხვაგან გადავიყვანთ, ხოლო მათ ვისაც დარჩენა ენდომება, დავტოვებთ".
რაც შეეხება პანსიონატის აღსაზრდელებზე განხორციელებულ ზეწოლას, რომლის შესახებ დღეს სახალხო დამცველმა განაცხადა, საპატრიარქოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

,,ზეწოლას არავისზე ვახდენთ, ნინო ლომჯარიას რაც შეეხება, ის თავად არ თანამშრომლობს ჩვენთან. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა მისთვის არ შეგვითავაზებია, რადგან თავად არ გამოუთქვამს ამის სურვილი. არც ის უთქვამს, რომ პანსიონში შემოსვლა უნდოდა. სახალხო დამცველი არ თანამშრომლობს საპატრიარქოსთან" - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
| Print |