განათლება
N1 საჯარო სკოლაში სასწავლო ფესტივალი გაიმართა
ახალციხის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო ფესტივალი გაიმართა, სადაც მონაწილეებმა რვა კვირის განმავლობაში გენდერულ საკითხებზე სასწავლო კურსი გაიარეს. მიღებული ცოდნა კი დღეს გამართულ ფესტივალზე საზოგადოებას გააცნეს.

პროექტის კოორდინატორის, ანი შველიძეს თქმით, სასწავლო კურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ლიდერული თვისებების განვითარებასა, გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას და საკუთარ თემში ინიციატივის განხორციელებას: 

„პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ლიდერული თვისებების განვითარება, გენდერულ სტერეოტიპებზე, ნორმებზე და ძალადობაზე ინფორმაციის მიწოდება. მეორე ფაზაში იგეგმება მეცნიერების, ტექნოლოგიის ინჟინერიის შემოტანა და იმ შესაძლებლობების გაცნობა რაც მათ აქვთ ამ სფეროში“.

პროექტში ქვეყნის მასშტაბით ხუთი სკოლა  - თბილისის 132, წეროვნის #3, სავანეთის (ბოლნისი), ჩაქვის #1 (ქობულეთი) და ახალციხის N1 საჯარო სკოლები ჩაერთვნენ. მონაწილეები კონკურსის შედეგად შეირჩნენ.

ახალციხის N1 საჯარო სკოლაში პროექტის მენტორები პედაგოგი ნინო ნადირაძე და სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური არიან, ფასილიტატორები მარიამ ზაზაძე და თამარ თუმანიშვილი.პროექტი „SHE’s GREAT“ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ორგანიზაცია IREX–ის მხარდაჭერითა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება. საქართველოში მას სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი ახორციელებს.

| Print |