განათლება
ბევრი სტუდენტი იჭრება და ეს ძალიან საყურადღებო მოვლენაა - რექტორი
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2021-22 სასწავლო წელს 330 პირველკურსელი ეყოლება. ქართული ენის მომზადების 1+4 პროგრამაზე 47 აპლიკანტი ჩაირიცხა. სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები 1 წლის განმავლობაში ქართულ ენაში მომზადების კურსს გაივლიან, მომავალი წლიდან კი სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე გააგრძელებენ. უნივერსიტეტს სულ 600-მდე ვაკანტურ ადგილზე მიღება ჰქონდა გამოცხადებული.

უნივერსიტეტის რექტორის მაკა ბერიძის თქმით, ამის გარდა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს წელს კიდევ 33 სტუდენტი შეუერთდება, ისინი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები არიან, რომლებმაც მობილობა ახალციხეში განახორციელეს.

"კმაყოფილი ვარ იმით, ვინც გააკეთა არჩევანი. სამწუხაროდ, ჩვენ თვალს ვადევნებთ იმ რეალობას, რომ ძალიან ბევრი სტუდენტი იჭრება და ეს ჩვენთვის ძალიან საყურადღებო მოვლენაა. ჯერ კიდევ პანდემიამდე, ამ ტენდენციის შესაჩერებლად, ჩვენ თვითონ ვამზადებდით ეროვნული გამოცდებისთვის", - გვითხრა მაკა ბერიძემ. 

ახალ სასწავლო წელს 330 პირველკურსელიდან სახელმწიფო სწავლის გადასახადს 297-ს დაუფინანსებს. უნივერსიტეტში იურიდიული და ბიზნესის ადმინისტრირების გარდა, ყველა სპეციალობა უფასოა.

| Print |