განათლება
აბასთუმნის ობსერვატორიაში თბილისის ოფისი გაიხსნა
საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნა. თბილისის ოფისის პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომლები ესწრებოდნენ. მიხეილ ჩხენკელმა ობსერვატორიის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„გილოცავთ ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისის გახსნას. მოხარული ვარ, რომ მეცნიერებს სამუშაოდ ღირსეული პირობები შეექმნათ. ასევე, ძალიან მახარებს, რომ ობსერვატორიაში დაიწყო ფუნდამენტური ცვლილებები. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ უკვე გამოყო თანხები მისი ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის. ეს არის ახალი ეტაპი ობსერვატორიის ისტორიაში, რომელიც ახალ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებს მისცემს დასაბამს“, - განაცხადა მინისტრმა.

თბილისის ოფისის შენობაში ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომლებისთვის მოეწყო სამუშაო ოთახები და საკონფერენციო დარბაზი. ოფისი აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით. უახლოეს მომავალში ობსერვატორიის თბილისის ოფისში გაიხსნება ევგენი ხარაძის სახელობის კაბინეტი.

ღონისძიების ფარგლებში ობსერვატორიის დირექტორმა რევაზ ჭანიშვილმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია მხარეთა შორის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის, ერთობლივი საგრანტო პროექტების განხორციელება სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობით, ერთობლივი სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების ორგანიზება, მეცნიერების პოპულარიზაციისკენ მიმართულ პროექტების განხორციელება ასტრონომიისა და ასტროფიზიკის მიმართულებით.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე თევზაძის ინიციატივით, ახალგაზრდა მეცნიერებისათვის ფულადი ჯილდოები დაწესდება – ჯუმბერ ლომინაძის ჯილდო ასტროფიზიკაში (2 000 ლარი), მიხეილ ვაშაკიძის ჯილდო – ასტრონომიაში (2 000 ლარი), ევგენი ხარაძის ჯილდო კი – ასტროფიზიკასა და ასტრონომიაში (4 000 ლარი).

| Print |