განათლება
სამცხე-ჯავახეთის ორ მუნიციპალიტეტში პირველკლასელებმა ბუკები ვერ მიიღეს
სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, პირველკლასელებისთვის განკუთვნილი კომპიუტერები მხოლოდ ადიგენში, ასპინძაში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში დარიგდა. ბორჯომისა და ახალციხის სკოლებში კი ამ დრომდე არ მიუღიათ.

ლეპტოპის გარეშე ახალციხეში 569, ბორჯომში კი 320 პირველკლასელი დარჩა. ორივე მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში ამბობენ, რომ ბუკებს მალე მიიღებენ, თუმცა როდის - ჯერ არ იციან.

„ველოდებით, ამ დღეებში მოვა აუცილებლად“, - ამბობს ინგა ვარდიძე, ახალციხის #5 საჯარო სკოლის დირექტორი.

„ინფრასტრუქტურამ შეგვატყობინა, რომ უახლოეს დღეებში მოგვაწოდებენ. ტენდერი ცოტა დაგვიანებით ჩატარებულა და თანდათან რიგდება“, - გვითხრა ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა იზოლდა ლომიძემ.

როდის მისცემენ პირველკლასელებს ბუკებს - თარიღს ვერ გვისახელებენ განათლების სამინისტროში. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ დარჩენილ მოსწავლეებს ლეპტოპებს „უახლოეს მომავალში“ მიაწვდიან. სამინისტროში არც ის გვითხრეს, რამ გამოიწვია შეფერხება.
| Print |