განათლება
მათემატიკური ცოდნა და ლოგიკური აზროვნება - ცენტრი ,,ვექტორი" მიღებას აცხადებს
ახალციხე -ადიგენში მცხოვრები მათემატიკით დაინტერესებული ბავშვებისთვის, ცენტრი ,,ვექტორი“ მიღებას აცხადებს.

,,ვექტორის“ ხელმძღვანელის გიორგი ხუციშვილის თქმით, 2009 წელს ზარზმის საშაბათო სკოლა დაფუძნდა, 2018 წლიდან კი ბავშვთა აკადემიამ დაიწყო ფუნქციონირება. ამ პერიოდის განმავლობაში კომაროვის სკოლაში 22-მა მოსწავლემ ჩააბარა. ჩატარდა ოლიმპიადები, სადაც ჯამში 2500-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა. შერჩეული ბავშვები, კომაროვის მეთოდოლოგიით სწავლობდნენ მათემატიკას.

ლიმიტირებული რაოდენობის გამო, იმ ბავშვებს, ვინც ვერ მოხვდნენ აკადემიაში, 30 ოქტომბრიდან შესაძლებლობა ეძლევათ ახალციხის #1-ლ და ადიგენის საჯარო სკოლებში შექმნილ მათემატიკურ ცენტრ ,,ვექტორში“ დაეუფლონ მათემატიკას. მესამიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, გაკვეთილები ჩაუტარდებათ კვირაში ერთხელ, ხოლო მე-7 კლასელებს კვირაში ორჯერ. ,,ვექტორის" მასწავლებლები არიან კომაროვის სკოლის ყოფილი წარჩინებული მოსწავლეები.

სასწავლო პროგრამა სრულად ადაპტირებულია თანამედროვე მეთოდოლოგიებთან, ძირითადი კომპონენტები შედგება კომაროვის სკოლის სასწავლო პროგრამისგან. არსებული ეპიდვითარებიდან შემუშავებულია სასწავლო პროცესის ონლაინ ვერსია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იქნება გამოყენებული და არ შეაფერხებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას.



| Print |