განათლება
სამწლიანი ლოდინის შემდეგ, წარჩინებული მოსწავლეებისთვის მედლების გადაცემა დაიწყო
სამწლიანი დაგვიანების შემდეგ, ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემა დაიწყო. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, 2018-19 და 2019-20 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებისთვის მედლები სკოლებს უკვე გადაეცათ, სკოლის ადმინისტრაცია კი ყოფილ მოსწავლეებს ეტაპობრივად დაურიგებს.

უკვე გაცემულია 2018-2019 სასწავლო წლის 41 ოქროს და 10 ვერცხლის მედალი, ასევე 2019-2020 სასწავლო წლის 65 ოქროს და 13 ვერცხლის მედალი. რაც შეეხება 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს - მათი მედლები რეგიონში ჯერ კიდევ არ ჩამოსულა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, მედალოსნები ჯილდოს საზეიმო ცერემონიის გარეშე მიიღებენ. 

რატომ დაგვიანდა მედლების გადაცემის პროცესი - ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ხათუნა ხმალაძემ წერილობით გვიპასუხა:

"წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამა“ ითვალისწინებს მედლების სკოლისთვის გადაცემას, გამომდინარე აღნიშნულიდან, ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ხორციელდება რეგულაციების დაცვით მედლების შესაბამის სკოლებზე გადაცემის პროცესი, შემდგომ სკოლები თავად განახორციელებენ მედალოსნებზე ოქროს და ვერცხლის მედლების გადაცემას რეგულაციების დაცვით“.

მედლების გადაცემის ინიციატივა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკუთვნის, რომლის მთავარი მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, მათი აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენაა.
| Print |