განათლება
გააგრძელებს თუ არა მერია სტიპენდიების გაცემას?
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამა - „ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს,“ 2022 წელსაც გაგრძელდება. მათივე ინფორმაციით სტიპენდიის მიღების წესები არ შეცვლილა.

სტიპენდიის მოპოვება შეუძლია ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირს, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია და წინა სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს არანაკლებ 95 ქულა.

ფულადი წახალისება გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით და მთელი სწავლის განმავლობაში, თუ ის დააკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს.

სტიპენდიის ოდენობა ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში 500 ლარს შეადგენს, სტუდენტს ასევე გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატიც.

სტიპენდიის გაცემის მიზანი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, წარმატებული სტუდენტების ფულადი წახალისებაა.

პროგრამის ფარგლებში, გასული სასწავლო წლის პირველ და მეორე სემესტრში მერიის სტიპენდია 66 სტუდენტმა მიიღო. ჯამში 33 000 ლარის დაფინანსება გაიცა.

მთლიანი ბიუჯეტი 40 ათასი ლარს შეადგენს.

| Print |