განათლება
სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია სრულდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაცია 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

მათივე ინფორმაციით, საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 14 აპრილის 18:00 საათამდე.

„მნიშვნელოვანია, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებმა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 14 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.

გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალა მოამზადა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.naec.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს ურჩევს, მხოლოდ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.naec.ge) და ფეისბუკგვერდზე (https://www.facebook.com/www.naec.ge/ ) განთავსებულ ინფორმაციას ენდონ,“
- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 7 მარტს 10:00 საათზე დაიწყო.
| Print |