განათლება
რეგიონებსა და დედაქალაქში 800 სკოლა აშენდება და რებილიტირდება - მიხეილ ჩხენკელი
საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 800 სკოლა აშენდება და რეაბილიტირდება. განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, პროექტით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს და შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. ინიციატივა საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.

„ამ პროექტის ეგიდით აშენდება 80 ახალი სკოლა, 220 სკოლა სრულ, ხოლო 500 ნაწილობრივ რეაბილიტაციას გაივლის...

ინფრასტრუქტურული გამოწვევები სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გვაქვს. შესაბამისად, შედგება 800 სკოლის ნუსხა და, პირველ რიგში, დავიწყებთ იმ სკოლების რეაბილიტაციას, რომელთაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. ხოლო, 80 ახალი სკოლა აშენდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაცვლად, რომლებიც არ ექვემდებარება რეაბილიტაციას – განხორციელდება აღნიშნული სკოლების დემონტაჟი და მათ ადგილზე აშენდება თანამედროვე ახალი სკოლები",
- აღნიშნა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

პროექტის მიზანია, რომ საქართველოში ყველა სკოლა იყოს თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი. როგორც ჩხენკელი ამბობს, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, გაიმართება სპორტული ინფრასტრუქტურა. ამასთან, ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

"აღსანიშნავია, რომ სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში ჩვენ ვითვალისწინებთ წამყვანი ქვეყნების პრაქტიკას, შემუშავებული გვაქვს სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში უკვე აშენებული ახალი სკოლები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია",
- განაცხადა მინისტრმა.
| Print |