განათლება
მივიღო განათლება და გამოვადგე ჩემ სამშობლოს - სტუდენტები სარეზერვო ბატალიონში რეგისტრირდებიან

სამცხე-ჯავახეთში ტერიტორიული რეზერვი შეიქმნა. სარეზერვო ბატალიონში მონაწილეობის მსურველთა შესარჩევად დღეს შეხვედრა ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორედ გამართეს. უნივერსიტეტის რექტორი იმედოვნებს, რომ მსურველ სტუდენტთა სიმრავლის გამო, შესაძლოა საუნივერსიტეტო ბატალიონი შეიქმნას. ტერიტორიულ რეზერვში მონაწილეობა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ სასწავლო პროცესიდან მოწყვეტის გარეშე სტუდენტებს დიპლომთან ერთად სამხედრო მოწმობის მიღება შეეძლებათ. 

ახალციხის მუნიციპალიტეტში შექმნილი ტერიტორიული რეზერვი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტია, რომელსაც ეროვნული გვარდია ახორციელებს და რომელშიც რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს 18-დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტებს 18-დან 22 წლის ჩათვლით.

ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს გაუფორმდებათ 4 წლიანი ანაზღაურებადი კონტრაქტი. ასევე, რეზერვისტი უზრუნველყოფილი იქნება სოციალური და სამართლებრივი დაცვით. მოქალაქეები გაივლიან 45 დღემდე ინტენსიურ საბრძოლო მომზადებას, რომელიც თანაბრად გადანაწილდება 12 თვეზე და რეზერვისტებს ხელი არ შეეშლებათ მათი ძირითადი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

| Print |