განათლება
სოფელ ორგორის სკოლის მოსწავლეები ავარიულ შენობაში ისწავლიან

 

სოფელ ორგორის სკოლის მოსწავლეები ისევ სახუდაბლის სკოლის ძველ შენობაში ისწავლიან, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია.

ისევე როგორც მთელი ქვეყნის მაშტაბით ასპინძის მუნიციპალიტეტშიც სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდა, თუმცა ამ დრომდე საკუთარი სკოლა არ აქვთ სოფელ ორგორის მოსწავლეებს.

სოფელში სასწავლო დაწესებულება 2012 წლის დეკემბერში ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა და ინფრასტრუქტურა განადგურდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ პრობლემით ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს თუმცა უშედეგოდ.


აღნიშნულთან დაკავშირებით “მეცხრე არხმა” არაერთი სიუჟეტიც მოამზადა.

იხილეთ ვიდეო:

მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის დაწყება ასპინძის მაჟორიტამა დეპუტატმაც მიულოცა. ტარიელ ლონდარიძემ ორგორა-სახუდაბლის სკოლის პრობლემებზე  ისაუბრა.
,,განსაკუთრებულად გულდასაწყვეტი იყო სოფელ ორგორისა და სახუდაბელის სასწავლო პირობების ნახვა. როგორც ყველასათვის ცნობილია, 2012 წლის დეკემბერში, ხანძრის შედეგად სოფელ ორგორის სკოლის მთლიანი ინფრასტრუქტურა განადგურდა. უკვე მერამდენე წელია, ამ ორი სოფლის მოსწავლეებს და პედაგოგებს სასწავლო პროცესის წარმართვა რთულ და მძიმე პირობებში უწევთ. სკოლის არარსებობამ მოსწავლეებისა და სწავლის ხარისხის შემცირება გამოიწვია. ხაზი მინდა გავუსვა მეტად მნიშვნელოვან ფაქტს, რომ წელს, პირველ კლასში ერთადერთმა, პატარა სოფომ დაიწყო სწავლა. თუ სოფელ ორგორაში არ მოხდება ახალი სკოლის მშენებლობა, სოფელს მოსახლეობისგან დაცლა ემუქრება.მიუხედავად მთავრობის (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს) არაერთი დაპირებისა, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდებოდა, დაპირება დაპირებად რჩება. მე, კვლავაც ვიტოვებ იმედს, რომ სამინისტრო გამოიჩენს სათანადო ყურადღებას და მომავალი წლისთვის ბავშვებს ექნებათ ახალი სასწავლო ინფრასტრუქტურა. აქვე, მინდა გავამხნევო სკოლის პედაგოგ-მასწავლებლები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა მოსწავლეებს სრულყოფილი განათლება მისცენ და ვუსურვო მათ მოსწავლეებთან ერთად წარმატებული სასწავლო წელი”- ამბობს ტარიელ ლონდარიძე.

ფოტო-მასალასა და ინფორმაციას ასპინძის “ნაციონალური მოძრაობის” ფეისბუქის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.


| Print |