განათლება
საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა
დღეს, 15 სექტემბერს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. განათლების მინისტრის გიორგი ამილახვრის ინფორმაციით, წელს სკოლებმა 55 000-ზე მეტი პირველკლასელი მიიღეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - სკოლებში ახალი სასწავლო წელი დავიწყეთ და ქვეყნის მასშტაბით წელს 55 000-ზე მეტი პირველკლასელი მივიღეთ.

სკოლები სრულ მზადყოფნაშია - გამართულია ინფრასტრუქტურა, ყველასთვის გათვალისწინებულია სახელმძღვანელოები და ბუკები. ახალ სასწავლო წელს ვხვდებით მნიშვნელოვანი სიახლეებით. როგორც პირველ, ასევე მეორე კლასელთათვის სავალდებულოა ჭადრაკის გაკვეთილები. ფართოვდება პროექტის „სამხედრო საქმე‘‘ მასშტაბები, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ბავშვებში და იყო ამის დიდი მოთხოვნა.

სკოლებში იქნება გათვალისწინებული დამატებითი კლასგარეშე, არაფორმალური აქტივობები როგორც სპორტული, ასევე საგანმანათლებლო, რომ ჩვენს ბავშვებს უფრო მრავალფეროვანი საგაკვეთილო პროცესი ჰქონდეთ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. შედეგად, ჩვენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველვყოფთ თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრებულ, უსაფრთხო, ადაპტირებულ გარემოს ყველა ბავშვისთვის. მასშტაბური პროექტების განხორციელებით უახლოეს 2-3 წელიწადში ყველა საჯარო სკოლა საქართველოში ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.

პირველკლასელებს და მათ მშობლებს განსაკუთრებულად მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც ემოციური, საინტერესო და თავგადასავლებით აღსავსეა. ყველას ვუსურვებ წარმატებულ, ბედნიერ სასწავლო წელს. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სკოლებში უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი ხელმისაწვდომობა ზოგად განათლებაზე”,
- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
| Print |