განათლება
მომავალი წლიდან პირველ კლასში მისვლას პირველ დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი განათლების სისტემაში არსებულ ცვლილებებზე საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ:
  • საქართველოს მთავრობა სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს 40 მილიონი ლარის დავალიანებას გაუნულებს. 30 ათას სტუდენტს შესაძლებლობა მიეცემა, სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განაგრძოს.
  • ორმაგდება სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის რაოდენობა - 5 ათასი წარჩინებული სტუდენტი 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარის ოდენობის სტიპენდიას მიიღებს.
  • სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება-მატებასთან ერთად, სკოლაში პირველკლასელთა შესვლა ყოველ წელს ერთი თვით გადაიწევს. "შემდეგ სასწავლო წელს სკოლაში შესვლა შეეძლებათ, 1-ელ დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებს. კიდევ შემდეგ წელს კი 31-დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებს." - ამბობს გიორგი ამილახვარი.
  • ჭადრაკი მეორე კლასშიც ისწავლება.
  • მინისტრის თქმით, მე-10-მე-12 კლასის მოსწავლეებს მეტ არჩევანს მისცემენ, თავიანთი ინტერესების მიხედვით. "თუ ბავშვს უფრო საბუნებისმეტყველო საგნებისკენ აქვს მიდრეკილება, გვინდა, გარკვეული მიმართულება დავამუშაოთ და ამას გაყვეს. თუმცა, რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება, რომ პარალელურად ქართულს, ან უცხო ენას არ ისწავლის." - აღნიშნავს გიორგი ამილახვარი.
  • სიახლეებია პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნითაც: "გვინდა, ზოგად განათლებაში პროფესიული განათლება სავალდებულო ნაწილად გავხადოთ, მაღალ კლასებში ე.წ. ინტეგრირებული პროგრამების დანერგვით. არჩევითი იქნება, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი აირჩევს. ნებისმიერ ბავშვს ზოგადი განათლების ატესტატთან ერთად, სკოლის დამთავრების ჟამს შეძენილი ექნება ერთი კონკრეტული პროფესია თავისი ანაზღაურებითა და დასაქმებით. შემდგომ უკვე გადაწყვიტოს, თუ აქვს სურვილი, გააგრძელოს უმაღლეს სასწავლებელში სწავლა, ან დარჩეს პროფესიულ განათლებაში."
27 ოქტომბერს მასწავლებლის დღე აღინიშნება. ამ დღეს ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვის დაწესდება პრემია, რომელიც 10 ათას ლარს შეადგენს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სიახლეების შესახებ დეტალურად უახლოეს მომავალში დაგეგმილ პრეზენტაციაზე ისაუბრებს.
| Print |