განათლება
ახალციხის კერძო ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია
ახალციხის კერძო ბაგა-ბაღში 2 წლის ბიჭი 5 მაისს, დაახლოებით 4 საათზე გარდაიცვალა. ბავშვი აღმზრდელმა დააძინა, გარკვეული დროის შემდეგ კი მის გასაღვიძებლად მისულმა პედაგოგმა, მცირეწლოვანი უგონო მდგომარეობაში ნახა. ბავშვი ბაგა-ბაღიდან, კლინიკა "იმედში" გადაიყვანეს, თუმცა მცირეწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე კლინიკაში დეტალებზე არ საუბრობენ.
ახალციხის ბაგა-ბაღის აღსაზრდელის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთის მიხედვით, მცირეწლოვანს ბაღში მისვლისთანავე სიცხემ აუწია, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა, ამ ვერსიას უარყოფენ გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები და აღნიშნავენ, რომ მცირეწლოვანს არც ბაღში მისვლის შემდეგ და არც მანამდე, ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.
"ბავშვი იყო ჯანმრთელი, არაფერი აწუხებდა. არანაირი ტემპერატურა, არც ხველა, ენერგიით სავსე. 2 წლის ბავშვი ლამის 5 წლისას ჰგავს... წავიდა აბსოლუტურად ხალისით, ღიმილით. პედაგოგიც ამას ამბობს, მიირთვა საკვები, ითამაშა, რომ დააძინეს და მერე არ იციან რა მოხდა. ბავშვის დედამ გაიგო საღამოს, 16:30 საათზე, როცა ბაღიდან დამირეკეს. აღმზრდელებიც შოკირებულები არიან"- თქვა ოჯახის ახლობელმა.
კიდევ ერთი ვერსიით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა საკვების ან პატარა საგნის გადაცდენა ყოფილიყო, თუმცა სამხარაულის ექსპერტის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით ბავშვის სასუნთქ გზებში უცხო ნივთი არ აღმოჩენილა. დავით მერაბიშვილის თქმით, მცირეწლოვანს სხეულზე დაზიანებებიც არ აღენიშნებოდა.
ახალციხის ბაგა-ბაღში ახლა სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია, ბაღი დალუქულია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
პოლიციის განყოფილებაში მთელი დღის განმავლობაში კერძო ბაგა-ბაღის თანამშრომლები იკითხებოდნენ. გამოძიება 116-ე მულით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მიზეზის დასადგენად ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელიც სავარაუდოდ ერთ თვეში იქნება მზად. ამ დოკუმენტით უნდა დადგინდეს, რა გახდა 2 წლის ბჭის გარდაცვალების მიზეზი.
გააზიარეთ :