აბრეშუმის გზა
შეზღუდული (შაბათ - კვირას საკითხავი)
დეკემბრის თვეა. შუშის სასახლეს გავცდი. ევროპის მასშტაბით, ზღვის დონიდან ყველაზე მაღლად მდებარე ქალაქში მივდივარ თბილისიდან. ნინოწმინდას უნდა ავიდე, ჯავახურ სუფრაზე ვარ მიპატიჟებული. წალკის სოფლებთან გზად ვარ უკვე. ჯერ მზიანი ამინდია. სოფლებს შორის გზაზე რაღაც მოსაცდელი ჯიხური გამოჩნდა, ვიღაც კაცი დგას ჯიხურთან.

დაშვებული სიჩქარე არ შემინელებია. მიახლოებისას უცებ კაცმა ორივე ხელი ერთად დამიქნია. ეს დაქნევა, არც მკრძალი იყო, არც მოკრძალებული. გავაჩერე მანქანა. მოვიდა, მორიდებულად გააღო უკანა კარი და მისალმების გარეშე მოკრძალებულად უკან დაჯდა. ვუთხარი წინ დაჯექი კაცო, უკან რა გინდა. გადმოვიდა. არაფერი უთქვამს. მუხრუჭიდან ფეხი ავიღე და აქსელერატორს მივადგი, სიჩქარეც განვავითარე. მგზავრი ხმას არ იღებს. იქნებოდა ასე 65-ის ჭარმაგი. ვკითხე საით გაგიწევია თქო. რაღაც ხმები გამოუშვა და ხელებითაც რაღაც მანიშნა. რაღაცნაირად რეჩხი ვიგრძენი. უჭირს კაცს ლაპარაკი.

ყურადღებით დავაკვირდი, გაცვეთილი ტანსაცმელი და დაკოჟრილი ხელები. საუბარი ნახევრად ესმოდა. განა ხმა არ ესმოდა, სიტყვების შინაარსს ვერ გებულობდა. ერთი ვუთხარი, სადაც ცხოვრობ გზა ხელით მიჩვენე და მიგიყვან მეთქი. იმ ჯიხურიდან მეხუთე სოფელთან ხელებით რაღაც მანიშნა, შევანელე. აქეთ იქით იყურებოდა. თითქოს ვიღაცას ეძებდა. ვფიქრობ გზა ხომ არ აერია... შემომხედა კიდევ უფრო გასაცოდავებული სახით. ვუთხარი თუ გავცდით მივბრუნდები თქვა. თითებით მანიშნა ფული არა მაქვსო. უნებლიედ გამეღიმა. აქეთ იქით ყურებაში უცებ ვიღაც დაინახა შორს, უკანა ფანჯირდან და მანქანიდან უთქმელად გადავიდა, ან როგორ მეტყოდა...

შორიახლოს ბირჟის კაცები იდგნენ. მათგან ყურადღება არ იგრძნობოდა, არც ეს კაცი გაწეულა მათკენ. ჩქარი ნაბიჯით აღმართს აუყვა. ვზივარ და მანქანიდან გავყურებ მოქმედებას. ზემოდან ბავშვი მორბის თავქუდმოგლეჯილი, გოგონაა. ჭარმაგმაც აუჩქარა... შეხვედრა იყო მათი სხვანაირი. ბავშვი შეაფრინდა და კისერზე ჩამოეკიდა. კაცმაც ჩაიხუტა. ბავშვს ხელების მოძრაობით რაღაც ანიშნა. ჩემკენ არ გამოუხედავს. მერე ჯიბიდან რაღაც ამოიღო და ბავშვს მიაწოდა. გოგონამ დახედა და კიდევ შემოაფრინდა იმ კაცს. მერე ხელი-ხელ ჩაკიდებული კიდევ უფრო ზევით წავიდნენ. რაღაცნაირად ვეღარ დავძარი მანქანა, რაღაცნაირად ფიქრებში წავედი.

თოვა დაიწყო. ავუჩქარე, თრიალეთიდან ჯავახეთისკენ ვარ უკვე. საბურავის ჯაჭვები კი მაქვს, მაგრამ თუ დაბუქა ორბი და არწივი ვერ გიპოვის იქა. კარგად ვიცი იქაურობა, არც არაფრის მეშინია. უბრალოდ უჩემოდ არ დაჯდებიან სუფრასთან და დაგვიანება უხერხულია. თოვამ იმატა. მოკლე მანძილზე გადასაადგილებლად კიდევ ერთმა კაცმა დამიქნია ხელი. უკვე ყინავდა, ისიც დავიმგზავრე. მელაპარაკებოდა, მაგრამ მე ყურადღება არ მიმიქცევია. გზას ვუყურებდი, თან ჩემ ფიქრებში ვიყავი. ისიც ჩამოვსვი.

გზა ძლიერ დაითოვლა. მანქანას არსად დაუკვნესია. თოვლში ჩარჩენილი მანქანაც შემხვდა, ავარიული ციმციმით. თითქოს ჩემი მანქანა თავისთვის განსაზღვრული სიჩქარით თვითონვე მიდიოდა. ფარავანი გამოჩნდა. დიდ ჯვარს გავხედე გზიდან. დიდი ქარიც ამოვარდა. თითქოს მანიშნა დროზე წადიო...

მშვიდობით მივედი, მშვიდობით დამხვდნენ... ლუკმაც შემერგო, ღვინოც.

ძალიან სასაცილოდ ჟღერს "შეზღუდული შესაძლებლობები". კიდევ უფრო სასაცილოდ გამოიყურებიან ის კაცები ვისაც ეს არ ესმით.

ადამიანი... გზად თუ ორივე ხელს დაგიქნევს, მანქანა გააჩერე, ეგებ...
| Print |