აბრეშუმის გზა
მე ბებიაჩემის სუნი მიყვარდა (შაბათ - კვირის საკითხავი)
იყაი ხომ დღეს ზღვაზე? - მკითხავდა ბებია.

თვალით არ მინახავს - ვიტყოდი ტყუილს და მზერას ვარიდებდი.
რაფერ შე ციგანო? ზღვის სუნი გაქვს კისერში და გავარვარებული ხარ თლათ. - მიხუტებდა გულში.
გავარვარებული გული კიდევ უფრო მიცხელდებოდა ხოლმე ამ ჩახუტებისას. ❤

მე ბებიაჩემის სუნი მიყვარდა. ბებერი, დამჭკნარი, ფიქრიანი, სიყვარულიანი, დარდიანი, კურცხალიანი.. მას ჩემს კანზე შეზავებული ზღვის სუნი ეტკბილებოდა. რამდენი რამ ახსოვდა ალბათ იმ შეგრძნებით, იმ სუნით, ზღვას რომ ახსენებდა.
გონიოში წევიდეთ მერე ერი გზობა, ჩემი ბიძაშვილებისას, თლათ ზღვაზე აქვენ სახლი, მეისიყვარულე მაი შენი ზღვაი გემრიელად, მეტყოდა და ხმაში ეტყობოდა მასაც ჩემსავით უყვარდა ზღვა.

ვერასოდეს, ვერასოდეს შევძელით ერთად სანაპიროზე გასეირნება.
მე ყოველ ჯერზე ვიპარებოდი ზღვაზე და დაბრუნებისას ის სულ მეკითხებოდა.
იყავი ხომ დღეს ზღვაზე?
ზღვის სუნი გაქვს კისერში შე ციგანო - იტყოდა და მიმიკრავდა გულზე. ❤

გადის ასე წლები უზაფხულოდ, უშემოდგომოდ, უზამთროდ. უგაზაფხულოდ და მენატრება ზღვა, ტალღების ხმა და ზღვის სუნი ჩემს კანზე... მენატრება ბებიაჩემის ჩახუტება სახლში დაბრუნებულს.

| Print |