აბრეშუმის გზა
მოქმედების დროა - ზურაბ მაღრაძის ბლოგი
საქართველოს დეოკუპაციის შესაძლებლობა აბრეშუმის გზის პროექტზე გადის. ამერიკელი დემოკრატები პროექტს ისეც აქტიურად უჭერენ მხარს. ჩინეთი ისეც ცდილობს კასპიის სიმძლავრეებთან ახლოს მოსვლას. როგორც ცნობილია ტვირთების წარმომქმნელი რეგიონი აზიაა, მომხმარებელი ევროპა. ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს ჩინეთთან, ევროკავშირთან და თურქეთთანაც. შუაში კი საქართველოა მოქცეული.

ასევე ცნობილია, რომ მსოფლიო წარმოების მესამედი ჩინეთზე მოდის. და ისიც ცნობილია რომ ჩინური ტვირთების 3% რუსული რკინიგზით მიეწოდება დასავლეთს, დანარჩენი საზღვაო ხომალდებით გადაიზიდება, რაც მეტ დროს მოითხოვს. ანაკლიის პროექტი რომ საბოლოოდ შედგება ეს უდავოა. ამასთან, სულ მცირე, ჩინური საექსპორტო ტვირთების 1% რომ კავკასიის სატრანზიტო დერეფანზე გადმოერთოს, უბრალოდ ვერ აუვალთ მის მომსახურებას. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით უკვე აქტიურად მოძრაობს ჩინეთის, ცენტრალური აზიის და თურქეთის ტვირთები.

ტვირთბრუნვა ამ მაგისტრალზე კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ევროკავშირმა 2021 წელი რკინიგზის წლად გამოაცხადა. მიზეზი ისაა, რომ მდგრადი განვითარების პრინციპიდან გამომდინარე, ეკოლოგიური და პანდემიური უსაფრთხოების უპირატესი შესაძლებლობა გააჩნია რკინიგზას, სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით. 70 ტრაილერის ტვირთის გადატანა შეუძლია ერთ მატარებელს სწრაფად, რომელსაც სულ ორი მემანქანე მართავს. ტვირთბრუნვა და პორტების მოწყობის აუცილებლობა ჩვენში კიდევ უფრო გაიზრდება. თუ ჩვენ მთელი დატვირთვით, მთელი რიგი ინვესტიციებითა და ტექნოლოგიებით ავამუშავებთ ჩვენ სატრანზიტო დერეფანს, რასაც ბაქო ისეც აკეთებს, გაიზრდება როგორც უსაფრთხოების დონე, ასევე დასაქმების და ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებიც ქვეყანაში. სატრანზიტო ტვირთების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს და თან ძალიან სწრაფად მოიმატებს. ეს ნიშნავს უფრო მეტი ინფრასტრუქტურის მოწყობას, მეტ დასაქმებას, მეტ სწავლას და მეტ მომსახურებას. თავისთავად ეს მოიტანს მეტ დამატებით ღირებულებას და მეტ ეკონომიკას. წარმატებული ქვეყნების ეკონომიკის 60%-ზე მეტი მომსახურების დარგებიდან იქმნება.

ტვირთბრუნვის ზრდა ახალი ლოჯისტიკური სივრცეების, საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებას ყოველდღიური წესრიგიდან ვეღარ მოხსნის. აი აქ იჭედება მთავარი სიგნალი. ანაკლიის პორტის ლოჯისტიკური ტერმინალებით მომსახურება გალის რაიონის ტერიტორიაზე უნდა გადავიდეს. ამას უნდა დაემატოს ახალი სტანდარტული პორტი ოჩამჩირეშიც, რომელიც საქართველოს რკინიგზით უნდა ჩაებას აზიურ ტვირთებს. ამისათვის აფხაზეთმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი პოზიციონირება.

მანამდე კი საქართველოში სამი რამ გვაქვს გასაკეთებელი: საფონდო ბირჟა, უფასო პრივატიზაცია და ინვესტიციები ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაში. ამას მოყვება მშპ-ს ზრდა ერთ სულ მოსახლეზე, დასაქმება და ემიგრაციის ნაკადები საქართველოსკენ.

არც ცხინვალს აქვს რაიმე რესურსი არსებობისა. დასავლეთ-აღმოსავლეთის ავტოსტრადები გორისა და ცხინვალის ლოჯისტიკურ ქალაქებად გადაქცევის შესაძლებლობას იძლევა. ტვირთების მომსახურება, მისი შეფუთვა, გადაფუთვა, დასაწყობება, დაზღვევა, განაწილება, ლიზინგი, აუდიტი, ტრანზაქცია და სხვა, ცალკე დიდი სისტემაა.

ცივილიზებული სამყარო არაღიარების პოლიტიკას ისეც გააგრძელებს, ჩვენ კი მოქმედებაზე უნდა გადავიდეთ. დღევანდელი პოლიტიკური პარტიების სახეობები კი, საქართველოს უახლეს ისტორიაში არაფერს ცვლის. მოქმედების დროა. ტვირთები და ტურისტები კი... კიდევ მოიმატებს.

| Print |