აბრეშუმის გზა
ქვაბი უნდა გაყიდოს და ჩაპი ჩუპი მომიტანოს - ნათია ნებიერიძის ბლოგი
ნახირის შემდეგ ძროხა იქნებ ბაღის ბოლოს აბალახო.. აღარ იწველის სულ - თქვა ქალმა და რძიანი ,,ვედრა" სუფთა ქვაბში ჩააპირქვავა.

- კარგი, - ახალგაზრდა კაცმა, კარებზე მიჭედილი ლურსმნიდან ქურთუკი ჩამოხსნა და გარეთ გავიდა.
- მშიერი ნუ წახვალ. კარში ქალი იდგა, ახალმოწველილ რძიან ჭიქაზე პურის ყუა ედო...

არც შეუხედავს:
- არ მინდა - ჩაილაპარაკა და ჭიშკარი გააღო. შიოდა.

მაგრამ იცოდა, მესამე დღე იყო ყველის სამყოფ რძეს აგროვებდა მერი. ბებერი იყო ძროხა. არ იწველიდა. მეზობლიდან მოსულმა პატარა მათემ კი ხაჭაპური მოთხოვა დედას.

სამი დღის წველა რძეს ყველის დედო ჩაუკიდა ქალმა. სველი შეშის ტოტები ღუმელის თავზე შემოაწყო და ფარდულში გავიდა ფქვილის გამოსატანად. ქვაბს სადაც ფქვილი ეყარა თეთრი ემალის ძირი უჩანდა, ფქვილიც გამოლეოდათ.

- გამომიცხობ ხაჭაპურს?- ჭუჭყიანი პატარა ხელი წითელ ვაშლს ებღაუჭებოდა, დიდი თაფლისფერი თვალებით მიჩერებოდა ბავშვი.

- დილამდე უნდა მოითმინო. შუბლზე აკოცა პატარას და ეზოში ონკანთან მიიყვანა ცხვირ-პირის მოსაბანად.

- ნახე, რა ვიპოვე?! ეზოში კაცი შემოვიდა. ხელში ტალახიანი, დაჭეჭყილი ალუმინის ქვაბი ეჭირა.

- ნაგავსაყრელზე გადავაწყდი, მძიმეა,  ოცი ლარის მაინც იქნება მერი - აღტაცებული იყო. ეს როგორ გამორჩათ ჩვენ ბიჭებს ჰა??

- ვიღა იბარებს მერე, ქალაქში მაგისთვის წახვალ?

- წავალ, აბა რა. შაქარს, მარილს, მაკარონს ვიყიდი!

- ,,ჩაპი- ჩუპსაც "- ახტუნავდა მათე.

- ჰო.. ,,ჩაპი - ჩუპსაც"...

- ფქვილი აღარ გვაქვს - ჩუმად თქვა ქალმა.

- რეზოს ყანა აქვს დასაბარი, ორ დღეში მოვრჩები და ფულს ავიღებ. პატარა ტომრით მაინც რომ ვიყიდოთ, მთელ თვეს გვეყოფა - იმედიანად თქვა კაცმა.

- მიწა არ უნდა გაგვეყიდა.. მიწის გარეშე სოფელში რა უნდა ვქნათ - ხმა ჩაუწყდა ქალს.

- ის რომ არ გაგვეყიდა, შენ არ მეყოლებოდი მერი.... განა, შენს სიცოცხლეზე მეტად ფასობდა?

- ფასობდა...მეტადაც... ბავშვის ვაშლიან ხელს გახედა მერიმ.

წინა დღეს ამოყვანილი ყველი თასში ჩასრისა, მერე ორი გუნდიდან ერთ-ერთი გააბრტყელა და ყველიანი ცომი ცხელ ღუმელში შედო.

ის იყო დაბრაწულ ხაჭაპურს ცხიმი გადაუსვა, რომ კარებში მეზობელი შემოვიდა.

- მობრძანდით, ნათელა დეიდა - შეიპატიჟა მერიმ.

- გამარჯობა მერი, დედამთილს ვყვარებივარ - გაიცინა ნათელამ ხაჭაპურის დანახვისას.

- დაბრძანდით, მიირთვით... ოთხი ნაჭრიდან სამი ნათელას მიუწია. ერთი ბავშვს გადაუღო მერიმ.

- გამომცხობი არ მყავს, თორემ დერგი სავსე მაქ ყველით - ხაჭაპურს დაწვდა ნათელა.

- კაი ხელი გაქ, კაი.. უკანასკნელი, მესამე ნაჭერიც გადაითრია ნათელამ.

- ხაჭაპურს ლიმონათი უხდება, ტარხუნის,  არა მათე? - მიაჩერდა ბავშვს.

- არ მიყიდია ... დაიბნა მერი.

- გაგეშვა ბავშვი მერე - უტიფრობდა ქალი ისევ.

- წავალ, წავალ ! ახტუნავდა მათე...

- მამა მოგიტანს, მათე - ძლივს გააჩერა ბავშვი მერიმ.

- უი, მართლა სადაა? - დაინტერესდა ნათელა.

- ქვაბი უნდა გაყიდოს და ჩაპი ჩუპი მომიტანოს - ახტუნავდა მათე სკამზე ისევ.

- რაა? - გაბეცდა ნათელა...

- ალუმინი წაიღო.. ცოტა მოაგროვა ნაგავსაყრელზე და..

- ჩუმად თქვა მერიმ..

- მოკლედ, ოხრები ხაართ, ოხრები! ცივ ქვაზეც რომ დასვა შენი ქმარი, იქაც მონახავს რამეს! ჩემს უნაიროს კი არ ჰგავს! - უცებ გაბრაზდა ქალი, კაბის კალთა ჩამოიფერთხა და კარებში დაუმშვიდობებლად გავიდა.
| Print |