აბრეშუმის გზა
ჭრეს და აკონვერტირეს კოლხებმა თეთრის მონეტები - კოლხები, იბერები, ტაოხები
თორმეტი ათასი კილომეტრი აშორებდა ჩინეთის ქალაქ კაშგარს რომამდე. მექარავნეები თვეობით სიცხესა და სიცივეში იმყოფებოდნენ. განა რა რჯიდათ მათ ასე. ოქრო ძალიან უყვარდათ ვაჭრებს. ახლაც ძალიან უყვართ, მერეც ეყვარებათ ალბათ. ისინი ოქროს მაძიებლები სულაც არ ყოფილან. აბრეშუმის ქსოვილი იყო ძალიან ძვირი. ისეთი ძვირი, რომ ერთ კილოგრამ აბრეშუმის ქსოვილში ერთ კილოგრამ ოქროს იხდიდნენ რომაელი დიდგვაროვნები. რამდენ კილოგრამ ტვირთსაც აიკიდებდა აქლემი კაშგარში, იმდენი კილოგრამი ოქროთი ბრუნდებოდა იგივე აქლემი რომიდან. აქლემებიც იღლებოდნენ და მექარავნეებიც, მაგრამ ოქრო ანეიტრალებდა დაღლას.

მერე მოიფიქრეს კომფორტი და ეს კომფორტი ორ ზღვას შუა იპოვეს. კარგი ადგილი იყო ამ ორ ზღვას შუა შესასვენებლად, რეკრეაციისთვის, სამკურნალოდ, საკვებად და რაც ყველაზე მთავარია ჩინელი მექარავნეებისთვის არ იყო მხოლოდ ეს ამბავი კარგი. ახლა რომაელბმაც დაიწყეს სვლა ორ ზღვაშუა მოქცეულ ედემში. მოკლედ ტვირთებისა და მგზავრების შეპირაპირების ადგილად იქცა კავკასია, აზიიდანაც და ევროპიდანაც. აქაური ხალხები კი შიგნით რაღაცნაირად ავსებდნენ ერთმანეთს. ამ ტვირთებს მომსახურება დაჭირდა, ტაო-კლარჯეთიდან ჰერეთამდე ქარვასლები წამოიჭიმა, ტვირთებისა და მგზავრებისათვის. ქარვასლებში დიდი აღებ-მიცემობა იმართებოდა - აბა აბრეშუმი, აბა საიუველერიო ნაწარმი, აბა ხალიჩები და ფარდაგები… მაგრამ, ამ დროს გაჩნდა ერთი მაგრამ… რომ მაგდენი ოქრო, აბრეშუმის ქსოვილის გაცვლისთვის აღარ იყო. განა რამდენი ოქრო იქნებოდა და თან მარტო აბრეშუმი ხომ არ იყო ქარვასლებში.

საჭიროებამ დაკვეთა შექმნა, ჰოდა იყოჩაღეს კოლხებმა, მოჭრეს მონეტა. კოლხური თეთრიც დაარქვეს და საქონელგაცვლა უფრო მეტად გაჩაღდა. გაცდა ის ორ ზღვა შუა მასშტაბებს. გაცდა იმიტომ რომ ინდოელები და ჩინელები სხვა მონეტებით მოდიოდნენ, ევროპელები სხვა… ვიღაცას უნდა ეკონვერტირებინა ეს მონეტები, ამისთვის ბევრის მოჭრა გახდა საჭირო. ჰოდა ჭრეს და აკონვერტირეს კოლხებმა თეთრის მონეტები. რაც მეტი იჭრებოდა, მით მეტი იცვლებოდა საქონელიც და მომსახურებაც. ზარაფხანა დაარქვეს ამ მონეტების საჭრელ კალოსა. ზარაფხანებმა მონეტებთან ერთად ზარაფები წარმოშვეს. ისხდნენ ეს კოლხი ზარაფები ქართულ ქარვასლებში ფულის მაგიდებით, ახურდავებდნენ, აკონვერტირებდნენ და ავახშებდნენ. არ დაგვავიწყდეს, ძვ. წ. აღ. VI საუკუნე იდგა. კონტინენტის შვეიცარია უკვე არსებობდა, ჯერ კიდევ როდის.
ქარავნების გადატვირთული და კონვერტირებული ტვირთები ორი გზით მიდიოდა. ფაზისისა და ჯავახეთის გზებით. ტაოხებიც ჩაერთნენ თავისუფალ ვაჭრობაში და ქარვასლების რაოდენობით დედამიწაზე პირველნი იდგნენ. აი ზუსტად ისე, როგორც დღეს შვეიცარიაშია. ყოველ 1200 შვეიცარიელზე ერთი საბანკო სერვის-ცენტრი რომ მოდის. ამდენი ქარვასლა ჰქონდათ ტაოხებსაც მაშინ. თავისუფალი ხალხი იყვნენ მაშინაც ტაოხები და ამიტომ თავისუფლადაც ჩაერთნენ ღია ვაჭრობაში, მომსახურებაში. ახლა მაგას საბაზრო ეკონომიკა ჰქვია.

დახედეს კონტინენტის მომთაბარეებმა ყველა მხრიდან, რომ ქერის ორმო, ოქროს თასები და ჯანმრთელი ჰაერი იდგა ამ მიწაზე და წამოვიდნენ… მერედა როგორ წამოვიდნენ, როგორ მოაწყდნენ…

ვინმეს უნდა დაეცვა ეს ამხელა ედემის ბეღელი. ჰოდა წამოდგნენ იბერები ერთ დღესაც, მცხეთელებმა უმწყემსეს და მეკარიბჭეებადაც იქცნენ.

ვინმე გაბრაზდება, ვინმეს გაეცინება და ვინმეს მეზღაპრეობად მოეჩვენება მოსაზრება, რომ რასაც ამერიკული დოლარი აკეთებს დღეს, იმას აკეთებდა კოლხური თეთრი მაშინ. დიდ კოლხურ კულტურას დიდი ფული ჭირდებოდა. მდიდრები იყვნენ კოლხები და მდიდარი კულტურაც შექმნეს.

თავისუფლები იყვნენ ტაოხები მაშინაც და ახლაც თავისუფლები არიან. თავისუფლად ვაჭრობენ მცირე აზიაში დღესაც. მაშინაც ჯინველოს მსგავს სიმღერას მღეროდნენ. ახლაც ისევ იმას მღერიან. იმიტომ რომ თავისუფლები არიან. თავისუფლება პირველ რიგში თავისუფალი აზროვნებაა და არა ციხის, ქარვასლის, ტაძრის ან საკუთარი ეზოს გალავნის სიგრძე.

არც იბერები წასულან სადმე. ყველა ადგილზეა. ამ სამეულის კვეთა დარჩა მხოლოდ. მათ გადაკვეთას სხვა წინაპირობა ჭირდება. აბრეშუმის გზა ავღანეთზეც გადიოდა, ირანზეც, ერაყზეც… როცა ეს გზა მუშაობდა, მანამდე იქ და იმ ქვეყნებში რაღაც ცუდი ხდებოდა. დღესაც არეულობაა, სწორედ ისევ იქ, სადაც ადრეც არეულობა იყო. მერე კოლხური თეთრის მოჭრამდე და ქარვასლების გამართვამდე დალაგდა რაღაცნაირად და ყველა გზა მცხეთაში მოვიდა. ახლაც ასე იქნება, ყველაფრის კვანძი აქ შეიკვრება.

ბ.თ. მაშინ დარიალის კარი დაკეტილი იყო.
| Print |