აბრეშუმის გზა
თურქეთის აბრეშუმის გზა - ზურაბ მაღრაძის საავტორო ბლოგი
ავად სახსენებელი 90-იანები ახალი გადავლილი იყო. მაშინ მიიღო საქართველომ კონსტიტუცია და სწორედ მაშინ რამდენიმე ადამიანმა საქართველო-თურქეთის საზღვარი გადაკვეთა და იქ ნათურები გასაყიდად გაიტანა. თურქებისთვის მაშინ ნათურები ადვილი ხელმისაწვდომი არ იყო, ჭაღის ჩვეულებრივი ნათურები… იმ დროში ქალაქ ვალედან საზღვრის იქით რომ გაგეხედა, თურქეთის რამდენიმე პატარა სოფელში რამდენიმე ნათურა გაჭირვებით ბჟუტავდა…

რა მოხდა შემდეგ?


2003 წლიდან თურქეთის ხელისუფლებაში ერდოღანი მოვიდა. მან რეფორმები და სვლა გზების დაგებიდან დაიწყო. ჩვეულებრივ სავტომობილო გზების დაგებით დაიწყო, რამაც ქალაქები და სოფლები ერთმანეთს მჭიდროდ დააკავშირა. დაკავშირებულობამ გაზარდა ადამიანებს შორის კომუნიკაცია. ფერმერები ვაჭრებს დაუკავშირდნენ, ვაჭრები ზარაფებს, ზარაფებმა საბანკო ინდუსტრია გააძლიერეს… ინსტიტუტებიც დაკავშირდნენ ერთურთთან, სკოლები უნივერსიტეტებთან, სამედიცინო კოლეჯები დიდ კლინიკებთან… საავტომობილო გზებს მოყვა ავტოსტრადები, ავტოსტრადებს მოყვა რკინიგზები, რკინიგზებს მოყვა პორტები და ყველა ესენი ცალკეულად დაკავშირდნენ აეროპორტებთან.

ყველა ამ არტერიებზე ტვირთებმა დაიწყეს მოძრაობა, რადგან ფერმერს და მეთევზეს სამეურნეო იარაღები ჭირდებოდა, ჰოტელიერს და რესტორატორს ახალი აპარატურა, ხოლო წარმოებულ სურსათს შენახვა და გადამუშავება… ამასობაში აგროკულტურების შესანახი სამაცივრე საწყობებიც გაჩნდა. ამ გადაზიდვებში და ამ საწყობებში ხალხიც დასაქმდა. ამ ყველაფერს კი ენერგიის მომარაგება დაჭირდა. ჰესებმაც სოკოებივით დაიწყეს ამოსვლა და რომელიღაც რეგიონში ენერგეტიკის კოლეჯიც გაჩნდა. იმას ცალკე ავტობუსი ემსახურებოდა. ხალხმა ფუტკრებივით დაიწყო არევა, ყველას თავისი საკეთებელი საქმე გაუჩნდა. ამასობაში ავტოსტრადებზე გამოსულ დიდ ავტობუსებს ნელ-ნელა უცხოელი ტურისტებიც შეემატნენ. და ბოლოს ყველა დარგიდან კერძო კომპანიებმა თავიანთი კაპიტალი საზღვრებს გარეთაც გაიტანეს - გერმანიაში, ბულგარეთში, საქართველოში…

და იმ ქვეყნებში წარმოებულმა პროდუქტმა და მომსახურებამ კიდევ ცალკე დამატებითი ფული შეიტანა ქვეყანაში. უახლოეს მომავალში თურქეთი ხსნის მსოფლიო დონის 21 მსხვილ ლოჯისტიკურ ცენტრს, რაც ნიშნავს რომ მას შეეძლება კონტინენტურ ტვირთებს გაუწიოს მომსახურება. ფული კი ამ ქვეყანაში დარჩება.

საქართველოს თანამედროვე აქტუალური თემები კი ,,ელგეპეტე", არჩევნები და ტენდერებია.

დროა ამ სამიდან სხვა სამზე გადავიდეთ, ესენია - აქტივების განსახელმწიფოებრიობა (უფასო აუქციონით), საფონდო ბაზარი და აბრეშუმის გზა. ეს ბოლო კი ინვესტიციებს გულისხმობს სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაში. ინვესტიციებზე გადაწყვეტილებები კი ბაზარზე მიიღება და არა კაბინეტებში. რაც ნიშნავს, რომ საინვესტიციო მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ ინვესტორი და კერძო მესაკუთრე. სახელმწიფოს ისეც აუარება საქმე რჩება საკეთებელი.

ეკონომიკა წყვეტს ქვეყანაში - ემიგრანტების დაბრუნებას, მაღალ შობადობას, ქვეყნის უსაფრთხოებას და ხალხის ბედნიერებას. მერე ტენდერები აღარავის გაახსენდება და არჩევნებსაც და სასამართლოსაც სხვა ფასი დაედება ამ ქვეყანაში.

2023-ში თურქეთი რაკეტას აგზავნის მთვარეზე. ნათურებით კი მსოფლიოს ამარაგებს დღეს. 2030 წელს კი ეს ქვეყანა მსოფლიო ეკონომიკის ათეულში უნდა შევიდეს.
| Print |