აბრეშუმის გზა
კითხვა-პასუხი
კითხვა: გინდა საქართველოს განვითარება?
პასუხი: დიახ!
კითხვა: როგორ?
- საბაზრო ეკონომიკა და აბრეშუმის გზა უნდა შევქმნათ.

კითხვა: როგორ შევქმნით, როცა არც ნატოში გვღებულობენ, ვერც ტერიტორიებს ვიბრუნებთ?
- ნატოში მისაღებად საბაზრო ეკონომიკას ითხოვენ სწორედ, სხვას არაფერს.
კითხვა: როგორ მივიღოთ საბაზრო ეკონომიკა?
- უფასო აუქციონით და საფონდო ბირჟის მოწყობით. თავისუფალი ქვეყანა არ არსებობს თავისუფალი მოქალაქეების გარეშე და თავისუფალი მოქალაქე არ არსებობს კერძო საკუთრების გარეშე. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივები - ტყეები, ტბები, რკინიგზები და სავარგულები უნდა გადავიდეს მოქალაქეების საკუთრებაში. თითოეულ მოქალაქეს უნდა მიენიჭოს თანაბარი რაოდენობის ციფრული ქულა და ამ ქულების გამოყენებით უნდა შედგეს აუქციონი. სოციალური სამართლიანობა დაცული იქნება, რადგან ადამიანები თანაბარი ქულებით მიიღებენ მონაწილეობას და არა არათანაბარი ფულით. ასევე საფონდო ბირჟა უნდა ჩამოყალიბდეს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ ინსტიტუტად. კაპიტალის ბაზარი გათავისუფლდება რიგითი ადამიანებისთვის.

კითხვა: აფხაზეთს როგორ დავიბრუნებთ?
- აფხაზეთში რუსები ყიდულობენ ტერიტორიებს. როგორც კი დაინახავენ, რომ საქართველოში ქონებები საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში გადავიდა უფასოდ, ციფრული პრივატიზაციის გზით, სხვაგვარად დაფიქრდებიან.
კითხვა: ეს იქნება საკმარისი?
- არა, კიდევ არის ერთი ფაქტორი, ეს აბრეშუმის გზაა, რაც ნიშნავს თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნას კოლხეთის დაბლობსა და ჯავახეთის ზეგანზე. ბევრი და კარგი პროდუქტი იაფად, დიდი ასორტიმენტი და ნომენკლატურა, ეს ისაა, რომელსაც აფხაზები კი არა, ჩრდილო კავკასიელებიც დაეწაფებიან. შესაძლებლობები ცვლის დღის წესრიგს.
კითხვა: როგორ უნდა შეიქმნას თავისუფალი სავაჭრო ზონები?
- საფონდო ბირჟა რომ განვითარდება, ის წარმოქმნის სასაქონლო ბირჟებსაც. იმათ თვითონ იციან დანარჩენი…
კითხვა: ეს როგორ უნდა გაკეთდეს?
- საბაზრო ეკონომიკის შექმნით.
კითხვა: სახელმწიფოს რა ფუნქცია ექნება მერე?
- ლიცენზიების გაცემა და ნორმატივების დაცვის კონტროლი მესაკუთრეებზე. საგადასახადო ადმინისტრირებიდან მიღებული შემოსავლებით კი უნდა უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურა.
კითხვა: ანაკლია როგორ უნდა აშენდეს?
- საფონდო ბირჟა როცა გვექნება, ბირჟის მეშვეობით კონსორციუმი გამოუშვებს აქციებს. მას პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეები შეიძენენ. თუ დააკლდა ფული, ამის მერე ემიგრანტები მოახდენენ ინვესტირებას და ამის მერე უცხოელები. სახელმწიფოც შეიძენს პორტის აქციებს და მასაც ექნება საბლოკო პაკეტის აქციების წილი. ანაკლია ამ ქვეყნისაა და მისი მესაკუთრეც, პირველ რიგში ამ ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს. შესაბამისად მოგებაც მან უნდა მიიღოს პირველ რიგში. ამის შემდეგ მან უნდა გადაუხადოს თავის ქვეყანას გადასახადი. აქციების გამოშვებიდან მიღებული ფულით მოხდება პორტის მშენებლობის ინვესტირება.

კითხვა: ვინ უნდა გააკეთოს ეს?
- ხალხმა.
კითხვა: როგორ?
- ევროპა დიდი ხანია მიხვდა, რომ ერთპარტიულობა ნიშნავს ქვეყნის რესურსების ერთი ჯგუფის ხელში მოქცევას. ამიტომ მათ სახელმწიფოს მრავალპარტიული მართვა აირჩიეს და ყველაფერი დაბალანსებულია. ბალანსი წონასწორობას ნიშნავს, ჰოდა გაწონასწორებულია იქ ადამიანების ჯიბე გარე სამყაროსთან.
კითხვა: ნატოს რაში ჭირდება საქართველოს საბაზრო ეკონომიკა?
- მას პარტნიორი ქვეყანა ჭირდება და არა საპატრონო ქვეყანა.
| Print |