აბრეშუმის გზა
დეკემბრის ახალციხე
მესხეთის თეატრს სტუმრობდა უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ კატაკურღანის დრამატული თეატრის დირექტორი ბატონი ბოტირ ტუგალოვი. მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქალბატონმა ლია სულუაშვილმა და ბატონმა ტუგალოვმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ძირითადი მიზანია მხარეებს შორის ურთიერთობების გამყარება და განვითარება ხელოვნების სფეროში. დეკემბერს მოხდა ეს ამბავი.

სტამბოლიდან თურქეთელი ქართველების - ჩვენებურების ანსამბლი სახელად კავკასიის არწივები, რომელიც ნიჭიერის ოქროს ღილაკის მფლობელი გახლდათ, კიდევ ერთხელ წარსდგა მაყურებლის წინაშე და საოცარი ემოცია დატოვა დიდი სცენიდან. მის მხარდასაჭერად სტამბოლის ქართული კულტურის სახლის თავმჯდომარე, საქართველოს ოქროს საწმისის ორდენის მფლობელი ელიზბარ ცივნარიძე იყო ჩამოსული. მხარდაჭერას ახალციხის ისტორიული ციხის ხელმძღვანელი გიორგი ნათენაძე და თქვენი მონა-მორჩილიც შევუერთდით. მოკითხვა დაგვაბარეს ჩვენებურებმა სამცხეს და ჯავახეთს.
დეკემბერს, სამხედრო ისტორიკოსმა გიორგი ბერიძემ საქართველოს სტუდენტური პარლამენტის მოწვევით, ახალციხიდან ონლაინლექცია ჩაატარა საქართველოს ისტორიული ციხე-სიმაგრეების დანიშნულების შესახებ დიდ აბრეშუმის გზაზე. ამასთან ერთად, ისტორიკოსი და ფოლკორისტი ძველმესხურ კილოზე დაწერილი ლექსებით წარსდგა ფოლკლორის ფესტივალზე და შემდეგ ეტაპზეც გადავიდა.

სულ მალე! გამომცემლობა არტანუჯი შემოგთავაზებთ ახალ გამოცემას:
„ჯავახეთი – ისტორიულ-კულტურული ნარკვევი“. ნაშრომის ავტორი კუკური მეტრეველი. იდეის ავტორი ბუბა კუდავა.
მანამდე, სამცხე-ჯავახეთის და ყარსის უნივერსიტეტების პროფესორს ბატონ როინ ყავრელიშვილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
მანამდე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგმა ახალქალაქიდან - ჟანა ხაჩატურიანმა სადოქტორო ნაშრომი - სახელთა ბრუნება ქართულ და სომხურ ენებში - წარმატებით დაიცვა.
დეკემბერში, ევროპის 11 ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები შეიკრიბნენ პერსონალის ტრენინგის საერთაშორისო კვირეულზე ლიეტუვაში, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ახალციხელი სოფიო ტაბატაძეა.
კიდევ რაღაც მოხდა კარგი ახალციხიდან. პროექტი - დიდგორელის ფარგლებში მოეწყო აფხაზეთის ისტორიული ძეგლების ფინალური პრეზენტაცია. მასპინძელი ეროვნული ბიბლიოთეკა იყო. ახალციხელმა მოსწავლემ ნეკო პარუნაშვილმა აფხაზეთის ლიხნის ტაძრის პრეზენტაცია წარმოადგინა და საუკეთესო პრეზენტაციებს შორის ჯილდოც დაიმსახურა. ესეც დეკემბერში იყო.

კიდევ ბევრი რამ მოხდა ახალციხიდან დეკემბრის თვეს…

ხანდახან ჩუმი სიკეთის კაცები ატრიალებენ დედამიწას. ხანდახან ეს ამბავი ახალციხიდანაც მოდის… ხანდახან ახალქალაქიდანაც.

ბედნიერი ახალი წელი ჰქონოდეს მესხეთს და სრულიად საქართველოს.
| Print |