აბრეშუმის გზა
ვის რა უნდა 3+3 ფორმატიდან?!
თეირანი
არაფერი ისეთი განსაკუთრებული. მან იცის, რომ რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გააჩნია აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, ყაზახეთთან, ჩინეთთან და ევროკავშირთან. აი ევროკავშირის ბაზარზე ვერ გადიან სპარსები სანქციების გამო. ჰოდა, თუ საქართველოს გავლით გაიტანს სპარსულ ნაწარმს ევროპაში, მას გაუადვილდება ვაჭრობა 450 მილიონიან ბაზარზე. ითვალისწინებს იმასაც, რომ საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დამატებით საშუალებას ქმნის ჩინური ნაწარმის, ირანული შეფუთვით და მარკირებით ევრო ბაზრებზე გასვლისთვის. თეირანმა კარგად იცის ტრასეკას, ინოგეითის და ლაპის ლაზულის პლატფორმების ფასიც, რომლის მთავარი მოთამაშე და გეოპოლიტიკური ლიდერი საქართველოა.

ანკარა
ქვეყანა, რომელსაც არ ღებულობენ ევროკავშირში უკვე 17 წელიწადია, მის ტერიტორიაზე მზად აქვს 21 უმსხვილესი ლოჯისტიკური ცენტრის პროექტი. ეს ის ცენტრებია, რომელიც უნდა მოემსახუროს აღმოსავლურ ტვირთებს. ანკარამ იცის, რომ საქართველოს შეუძლია ყაზახეთიდან და ჩინეთიდან თავისუფალი ვაჭრობის პრინციპით მიიღოს ეს ტვირთები, ასევე გადასცეს ის ევროპას. ამისთვის მას ჭირდება დამატებითი ფორმატი, ვაშინგტონისა და ბრიუსელის გარეშე, რომ საქართველოზე გამავალი საქონელი თურქეთის ლოჯისტიკური მომსახურების ქოლგის ქვეშ მოექცეს.
ანკარამ კარგად იცის, რომ სატრანზიტო რუკებში საქართველო მისთვის არის ის, რაც ნიდერლანდები გერმანიისთვის.

მოსკოვი
ზედმიწევნით იცის, რომ მალე დაკარგავს კავკასიას, თანაც სამუდამოდ. რადგან მიუხედავად რუსულ-ჩინური ლოიალობა-ლაქუცობისა, პეკინის მთავარი სტრატეგია შუა დერეფანია. დერეფანი კი მხოლოდ ამერიკული პარტნიორობის სივრცეა, რომლის სახელმწიფოთ ქსელის უპირობო ლიდერი აქაც საქართველოა.
კავკასიის სულ დაკარგვას, ანკარასა და თეირანთან ერთად მონაწილეობა ურჩევნია მოსკოვს.

ბაქო
მას ორი მიზანი აქვს. პირველი, კასპიის ენერგომატარებლების დასავლეთის ბაზრებისკენ მიმართვა და მეორე, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის საქონელგაცვლაში ბაქოს პორტი გადამწყვეტი იყოს. ამ მოცემულობას თუ ხელს არ შეუშლის, ბაქო ნებისმიერ სხვა ფორმატებზეც თანახმაა.

ერევანი
ფორმატზე თანახმა რეალურად არაა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. თუ როგორმე მოხერხდა სპარსეთის ყურიდან სატრანზიტო არტერიის მოწყობა ანაკლიამდე სომხეთის გავლით, ამის შემდეგ ერევანი უარს იტყვის 3+3 ფორმატზე.

თბილისი
ორ გზას აშენებს, ერთი აღმოსავლეთი-დასავლეთი, მეორე - ქვეშეთი-კობი. ყველას აქ უნდა სიარული. მაგრამ თვითონ რა უნდა თბილისს, ჯერ ვერ გაარკვია. თუ თბილისი ორ უმსხვილეს ლოჯისტიკურ ცენტრს შექმნის ანაკლიასა და ახალქალაქში, მაშინ თურქეთს 21-ის ნაცვლად 19 ცენტრი ექნება.

მაგრამ, აქ გადამწყვეტი სულ სხვა რამეა: ანკარამაც, მოსკოვმაც, ბაქომაც, ერევანმაც, თეირანმაც, პეკინმაც, აშხაბადმაც, ალმათმაც და სხვა ყველამ კარგად იციან, რომ რამდენიც არ უნდა შეიკრიბონ, რამდენიც არ უნდა ითათბირონ და იდარბაზონ, მაგიდის ერთ ბოლოში თუ ზის პეკინი, მეორე ბოლოში უნდა იჯდეს თბილისი. რადგან ტვირთების წარმომქმნელია ჩინეთი, ხოლო ევროპისთვის მის გადაცემას ახდენს საქართველო და ამ მოცემულობას ვერავინ შეცვლის.

ეს ამბავი ყველაზე კარგად იცის ვაშინგტონმა. ამიტომ, ჩამოვიდა პენტაგონიდან შავი კაცი თბილისში და თბილისიდან უთხრა ყველას, რომ 3+3 არ იქნება.

ჰოდა, არ იქნება!
| Print |