აბრეშუმის გზა
გამოწვევის დღის წესრიგი
საკვები პროდუქტი, სანამ ის თქვენ თეფშზე აღმოჩნდება, საშუალოდ 2500 კმ-ს გადის. ერთადერთი პროდუქტი, რომელსაც საქართველოსგან იყიდიან სხვა ქვეყნები, ეს სატრანსპორტო და ლოჯისტიკური მომსახურებაა. სხვა პროდუქტს არავინ იყიდის, რადგან არ ჭირდებათ.

ერებს და ხალხებს თავიანთი ბუნებრივი და ისტორიული ფუნქცია გააჩნიათ. მაგალითად მწარმოებელი ერებია ჩინელები, გერმანელები, უკრაინელები, თურქები, იაპონელები, ჩეხები, პოლონელები და სხვები.

მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით 12% მოდის ლოჯისტიკურ მომსახურებაზე. ბუნებრივია ასეთ მომსახურებაში ყველა ქვეყანა მონაწილეობს სხვადასხვა ხვედრი წილით. თუმცა დიდ რეგიონებს შორის საქმიანი ქარების მოძრაობას, ქვეყნები ბუნებრივი და ხელოვნური ქარსაცავი ზოლებით პასუხობენ.

საქართველო თავისი ბუნებრივი, ისტორიული, გეოგრაფიული და კულტურული მოცემულობით უზარმაზარი ბაზრების შეპირაპირების, ურთიერთ დაკავშირებულობის და ურთიერთ გაცვლის პატარა, მაგრამ საკვანძო წერტილია დიდი რეგიონებისთვის.

აბრეშუმის გზა არ ნიშნავს ტვირთების ტარებას აქეთ-იქით. სატრანზიტო საქონელგაცვლა ტვირთების დამუშავების, მარკირების, შეფუთვის, დაზღვევის, რეკლამისა და დიზაინის გარეშე არ მუშაობს. საქმე ისაა, რომ მომსახურება თავად ტვირთმფლობელებსაც და მათ კომპანიონებსაც ჭირდებათ. სამედიცინო ტურიზმი, აგროტურიზმი, მაისტურიზმი და სხვა ის სერვისებია, რომელიც თან სდევს აბრეშუმის გზას. სადაც ტვირთების დიდი მოძრაობაა, იქ ხალხიც ბევრი ტრიალებს. კორპორატიული და ინდივიდუალური მასპინძლობის ტრადიციაც ისეც ჩვენი კულტურის ნაწილია. ამას ემატება გამართული სატრანსპორტო სერვისების მაღალი ტექნოლოგიები. იქნება ეს გემის თუ ვაგონის შეკეთება… მშრალი, სამაცივრე თუ ღია საწყობების მომსახურება.

მოხერხებული სატრანზიტო არტერიების განვითარებით, თავისთავად ქართველი მწარმოებლებისთვის რესურსებზე და ბაზრებზე ხელმისაწვდომობაც გაიზრდება.

ყველაზე მთავარი საკითხია ციფრული ტექნოლოგიები. სწორედ საქართველოა ის ადგილი, სადაც უნდა განთავსდეს DATA ცენტრები. კონტინენტური საქონელგაცვლის და ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის ინფორმაციათა ციფრული რეესტრების შექმნა, დამუშავება, განთავსება, დაარქივება და დაცვა. ეს ისაა, რაც უნდა იყიდონ სხვა ქვეყნებმა აბრეშუმის გზის კარიბჭე ქვეყნისაგან.

და ბოლოს: საქართველოში ისტორიულ ციხე-სიმაგრეებს გარდა სტრატეგიული, ადმინისტრაციული და თავდაცვითი დანიშნულებისა, საინფორმაციო ფუნქციაც გააჩნდათ. ქარავანმა გაიარა თუ არა, ეს ინფორმაცია სწორედ ციხე-კოშკებიდან გროვდებოდა საქართველოს სამეფო კარზე.
| Print |