აბრეშუმის გზა
"მამას მშვიდობით დაბრუნების მოლოდინში" - ქართველი მებრძოლის ქალიშვილის ემოციური ჩანაწერი
მირეკავენ, მწერენ, მკითხულობენ.. ზოგი ძალიან მორიდებით..

აბა როგორ იქნები.. გეტყვით, რომ მარტივი არ არის იმ რეალობაში ცხოვრება, სადაც შენ მეგობარ სახელმწიფოს ბოროტების მანქანამ, შენი სახელმწიფოს ნომერ პირველმა მტერმა, ომი გამოუცხადა..

მე უკრაინაში მეგობრები მყავს, ერთი მეგობრის მშობლები აზოვის მიმდებარედ რუსების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცნენ, მეორე მეგობრის მამა რუს სამხედროებს ჰყავთ გატაცებული უკვე კვირაზე მეტია, ეს კაცი ერთ-ერთი უკრაინული ქალაქის მერია. ორივე ჩემი მეგობარი მხნედ არის და მადლობებს მითვლიან მამაჩემის სიმამაცის და გმირული ბრძოლისთვის.

ზოგადად ქართველების მადლიერები არიან და მე ეს სიამაყის გრძნობით მავსებს.

რაც რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინაში, მე, ისევე როგორც ბევრმა თქვენგანმა, მოსვენება დავკარგე..

ერთი კვირა ისე გავიდა, ზელენსკიმ დღეს შაბათი დღეაო რომ თქვა, დავეჭვდი, როგორ ალბათ ჩანაწერია, შაბათი გუშინ იყო და ისევ შაბათი როგორ იქნება მეთქი, სანამ კალენდარს ჩავხედე, გუნებაში კვირის დღეებს ვითვლიდი ეს როგორ მოხდა მეთქი..

მერე იყო და ტვ-ში მამას ვხედავ მოხალისედ მიდის და თვითმფრინავს დაჯდომის საშუალებას არ აძლევენ რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ, პარალელურად დედა მირეკავს რომ არ ვინერვიულო მამას გადაწყვეტილებაზე..

მერე მამა მირეკავს არ გაგვიშვეს და ჩვენი გზით მივდივართ, გვიან ვიქნებით ბათუმში, მანქანა უნდა დაგიტოვო და ხომ არ გეძინებაო.. ( ჩემი სიმწრის ღიმილი, ნეტა ძილი შემეძლოს..)

სარფის საზღვარზე ვნერვიულობდით, ხელი არაფერს შეეშალა, მაგრამ საზღვრის იქიდან მამა მწერს , ისეთი თვალებით გაგვაცილეს მესაზღვრეებმა, მე მგონი მაგ წამს ვიგრძენით რა საქმეზეც მივდიოდითო..

მერე სტამბულიდან შემეხმიანა, პოლონეთში მივფრინავთ და იქიდან გადავალთ საზღვარზეო..

მოწერიდან მოწერამდე როგორ გადის დრო ვერ ხვდები..

სანამ უკრაინის საზღვარს გადალახავდნენ და ლვოვში დაბინავდებოდნენ, შედარებით მშვიდად ვიყავი და მეგობრები, ვინც იცოდნენ რომ მამა მოხალისედ უკრაინაში წავიდა,

მთხოვდნენ სიახლეები შემეტყობინებინა, ნერვიულობდნენ, განიცდიდნენ და გვგულშემატკივრობდნენ..

მეც შესაბამისად ახალ ამბებს ვუყვებოდი, თუმცა როგორც კი კიევში , დანიშნულების ადგილს მიაღწიეს, ყველაფერი გართულდა..

კიევზე ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ალყაში იყო ( სწორი იყო თუ არასწორი, ამას ნერვები ვეღარ აღიქვამენ), იბომბებოდა (ამ დროს არავინ იცის რა მიმართულებით დაუშვებენ ბომბებს, დაცული არავინ არის)..

სწორედ ამიტომ გაძნელდა ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება.. გეკითხებიან როგორ არის მამა და შენ ამ დროს არ იცი, ელოდები როდის მოგწერს “კარგად ვართ”..
ხანდახან უსასრულოდ იწელება ეს მოლოდინი.. მთელი დღე ელოდები როდის გეტყვის ამ სიტყვებს და ფიქრობ, როცა ამას გაიგებ დამშვიდდები და დაიძინებ, დილიდან ისევ რომ ელოდო როდის მოგწერს რომ კარგად არიან, ბაზაზე, უსაფრთხოდ..

მაგრამ ასე არ ხდება.. მიუხედავად იმისა რომ იცი დღეს მშვიდობით დაბრუნდნენ, ნერვიულობა არსად ქრება..

მერე იგებ რომ ძველი ბაზა სადაც ადრე იყვნენ, დაიბომბა და არის მსხვერპლი.. რელოკაცია უწევთ..

აქ ყველა იმით გამშვიდებს რომ მოხალისეებს წინა ხაზზე არავინ გაუშვებს და ამ დროს ხდება ყველაზე დიდი უბედურება..

იმის ნაცვლად რომ მამამ მომწეროს “კარგად ვართ”, მწერს რომ “გადარჩნენ”, მაგრამ 2 მეგობარი დაკარგეს და განადგურებულია..

ეს ის დღეა, როცა ჩვენი 2 ქართველი გმირი ეცემა ბრძოლის ველზე, გმირულად, როგორც ნამდვილ ქართველს შეეფერება, დაჭრილებს არ ტოვებენ გმირები, მაგრამ ბედმა უმუხთლათ და როგორც მამა ამბობს, “წვიმასავით წამოსულ ბომბებს” ემსხვერპლა 2 ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის, საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის..

არასდროს დავიღლები იმის თქმით, რომ ეს გმირი ადამიანები უკრაინაში საბრძოლველად სწორედ იმიტომ წავიდნენ, რომ ომი საქართველოში აღარასდროს მოვიდეს..

თავისი სამშობლოსთვის წავიდნენ, შვილებისთვის, ოჯახებისთვის, ჩვენთვის და თქვენთვის!

მერე იგებ კიდევ ერთი ქართველის გმირულად დაღუპვის ამბავს, ამას ემატება კიდევ ერთი..

ამით იმსხვრევა ილუზია თითქოს მოხალისეები წინა ხაზზე არ იბრძვიან.. თურმე არამარტო წინა ხაზზე იბრძვიან, იბრძვიან ისეთი ტერიტორიების გასათავისუფლებლად სადაც ყველაზე რთულია შესვლა.. და გახსენდება ისტორია, საქართველოს ისტორია.. და რამდენად მტკივნეულიც არის ყოველი ქართველი მებრძოლის დაკარგვა, იმდენად დიდია ის სიამაყე რომ ქართველებზე რა საგმირო ამბებიც მოგისმენია სინამდვილეა და დღეს ეს ქართველი ისევ წერს ისტორიას, სისხლით, სიმამაცით და გამარჯვებით .

დრო ისევ მოწერიდან მოწერამდე აითვლება..

თითქმის ერთი თვე სრულდება რაც ანტისაოკუპაციო მოძრაობამ უკრაინაში გადაინაცვლა და იქ უნდა გადაწყვიტონ საქართველოს მომავალი ბედი..

მე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უშედეგოდ ველოდები ომის დაწყების პირველივე დღიდან..

ტვ-ის აღარ ვუყურებ ისეთი სიხშირით როგორც პირველ დღეებში, კვირებში თუ რა პერიოდიც იყო, კადრებს რომლებსაც ვერ დაივიწყებ ვცდილობ მოვერიდო.. ეს ჩემი თვითგადარჩენის ინსტინქტია, რაც ამდენი დახოცილი ბავშვის, ქალის, მოხუცის, საცხოვრებელი სახლის, სკოლის, ბაღის, საავადმყოფოს და სამშობიაროს დაბომბვის შემდეგ ჩამერთო..

მთელი დღე მამას მოწერილს ველოდები ხოლმე.. არ იფიქროთ რომ არ მწერს.. მირეკავს კიდეც, მამხნევებს, მაგრამ ეგ არ ცვლის იმ ნერვიულობას რასაც მთელი დღის და ღამის განმავლობაში ჰყავხარ მოცული..

დღესაც მომწერა საღამოს, დაბომბვაში მოყვნენ, მითხრა რომ თვითონ კარგად არის, ვისთანაც ახლოს მოხდა აფეთქება კონტუზია აქვთ და ჰოსპიტალში გადაიყვანეს..

მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება! სხვა არჩევანი არც მაქვს..

მოკლედ, აი ასე ვარ..

ომის დასრულების მოლოდინში..

მამას მშვიდობით დაბრუნების მოლოდინში..

ჩვენი ქართველები გმირების მშვიდობით დაბრუნების მოლოდინში..

უკრაინის გამარჯვების მოლოდინში..

ჩვენი გამარჯვების მოლოდინში..

მადლობა ყველას!

ჩვენ გავიმარჯვებთ!
| Print |