აბრეშუმის გზა
“სარაჯიშვილთან” ერთად ახალციხეს - ზურაბ მაღრაძის საავტორო ბლოგი
ცოტა კონიაკის ჭაშნიკის ფონზე ბავშვების დღეგრძელობისას უფროს კლასელებს მივმართე - თუ არ ვისწავლით, მთელი ცხოვრება გამოგვივა არაფერი.

ერთი მოცუცქდა ახლოს.

- მაინც რა უნდა ვისწავლოთ?

ვუპასუხე - ვაჟა უნდა ისწავლო განსაკუთრებით…

- მაინც რატომ ვაჟა?

- იცი რა არის ლიბერალური გლობალიზაციის ფილოსოფია?

- დაახლოებით.

- ჰოდა, ეგ ვაჟამ დაბადა დედამიწაზე.

- კი მაგრამ როგორ, ხეობის მწერალი მსოფლიო გლობალიზაციას როგორ შეწვდა?

- გოდერძი ჩოხელის “მღვრიემდე გაგიმარჯოს” წაიკითხე და მიხვდები, როგორ წვდებოდა ვაჟა ამაზონის და ნილოსის კანონზომიერებებს!

პაუზა…

- კი მაგრამ, აკაკი ნაკლები ჰუმანური იყო ვაჟასთან შედარებით?

პასუხი:

- ხომ იცი აკაკიმ რა გაურითმა ბავშვს, რომელიც ვერმიშელის კერძს უარობდა?

- კი ვიცი: “თუ არ ჭამე ვერმიშელი, გაგლახავენ ვერ გიშველი”.

სწორია, მაგრამ აბა დაფიქრდი, ვაჟა ბავშვს ეტყოდა თუ არა სიტყვას - გაგლახავენ?

დაფიქრდა… კიდევ პაუზა.

- აკაკი ჰუმანურია, ვაჟა ზეჰუმანური!

- კიდევ რა წავიკითხო?

- შოთა!

- ვეფხისტყაოსანი ნასწავლი მაქვს კარგად.

- კარგი მაშინ, მიპასუხე სად გადასცა შოთამ ვეფხისტყაოსანი თამარს?

პაუზა…

- მანდ, ვეფხისტყაოსანში ერთი ქალაქია ნახსენები, გულანშარო ჰქვია. ეძებე ეგ ქალაქი, თუ კარგად მოიძიებ იპოვი კიდეც. მერე გაიგებ უკეთ, რომ ლიბერალური გლობალიზაციის ფილოსოფია საქართველოდან გავრცელდა მსოფლიოში. და ამაში დღეს ინდოეთი და ჩინეთი მილიონებს ხარჯავენ, რომ ეს ქალაქი იპოვონ. ევროპასა და აზიას შორის ჰარმონიული გლობალიზაცია ვერ შედგება, სანამ მის ცენტრს არ იპოვიან. დაიწყე ძებნა, იპოვი და ის დაკვეთილი აზიური ფულიც აქეთ წამოვა. ამიტომ გითხარი, თუ არ ვისწავლით გამოვა არაფერი.

ბავშვებმა გოდერძი ჩოხელი მოგუგლეს, მღვრიემდე გამარჯვებისთვის.

მე კონიაკს დავუბრუნდი.


ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის მკვლევარი
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
| Print |