აბრეშუმის გზა
“ვინც გაიგონებს, ის მოიგებს” - ზურაბ მაღრაძის საავტორო ბლოგი
კითხვების პასუხები:

კითხვა: გვინდა თუ არა ქვეყნის განვითარება?

პასუხი: განვითარება მხოლოდ მოძრაობით მიიღწევა.

კითხვა: გვინდა თუ არა, რომ ფერმერები გაძლიერდნენ?

პასუხი: ფერმერს ჭირდება იაფი ხელმისაწვდომობა ნედლეულზე, მასალებზე, ინვენტარზე, ტექნიკაზე. ამისთვის თანამედროვე სატრანზიტო არტერიებია საჭირო. შემდეგ წარმოებული პროდუქციაც ისევ ხელმისაწვდომი პორტებით და რკინიგზებით უნდა გავიდეს ექსპორტზე.

კითხვა: გვინდა აგროტურიზმის ან სამედიცინო ტურიზმის განვითარება?

პასუხი: ამას ვაგონ-ლუქსებით და ვაგონ-რესტორნებით შემდგარი საერთაშორისო მარშრუტების სამგზავრო მატარებლები ჭირდება, შიგნით გამართული ინტერნეტით. იმიტომ რომ მთელი ევროპა რკინიგზით არის დაქსელილი და მთელი ჩინეთიც ახლაც იქსელება. შუაში კავკასიაა.

კითხვა: გვინდა რომ ტვირთების მოძრაობიდან ფული დარჩეს პირველ რიგში ქართველ ხალხს?

პასუხი: ამისთვის დიდი, საშუალო და მცირე ტერმინალები სოკოებივით უნდა ჩანდეს საქართველოს ლოგისტიკურ რუკაზე. ტვირთები ფულს დერეფანში მაშინ ტოვებს, როცა მისი მომსახურება ხდება - შეფუთვა, დაზღვევა, მარკირება, ლიზინგი და სხვ.

კითხვა: ამისთვის ფული საიდან მოვიტანოთ ან ხალხმა და ან ქვეყანამ?

პასუხი: საფონდო ბირჟა უნდა შევქმნათ. ფული იმდენი მოვა, რამდენიც საჭირო გახდება. ფასიან ქაღალდებში ინვესტიციიდან მოგებას კი პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეები და ემიგრანტები მიიღებენ. მერე გარე ინვესტორები იხეირებენ.

კითხვა: როგორ უნდა მოვიზიდოთ ან ტვირთები და ან ინვესტიციები?

პასუხი: რკინიგზას და პორტებს რელსები და ბაქნები არ ტვირთავს. საზღვაო და სახმელეთო პორტებს ტვირთავს ეკონომიკა. ეკონომიკას კი ამუშავებს ბაზრის თავისუფალი კაპიტალი. საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიიღება საფონდო ბაზრებზე და არა კაბინეტებში.

კითხვა: საიდან უნდა დავიწყოთ ეს ყველაფერი?

პასუხი: განათლებიდან!

კითხვა: რა უნდა ვისწავლოთ პირველ რიგში?

პასუხი: საბაზრო ეკონომიკა.

კითხვა: აქამდე რას ვაკეთებდით?

პასუხი: ბალტიისპირეთმა დამოუკიდებლობა რომ მოიპოვა, მათ პირველ რიგში საფონდო ბირჟები შექმნეს. ისინი ახლა ნატოშიც არიან და ევროკავშირშიც. ჩვენ პირველი რაც გავაკეთეთ, ის იყო რომ პრეზიდენტი ჩამოვაგდეთ!

კითხვა: ეს ამბავი ციფრებში როგორ გამოისახება?

პასუხი: ისტორიულად აზიური ქარავნების მომსახურებისთვის საქართველოში ქარვასლებს ტვირთის ღირებულების 25% რჩებოდა. მალე საქართველოს წლიურად $35 ტრილიონის ტვირთები მოადგება. მისი 25% კი არის უკვე $9 ტრილიონი. ეს 600-ჯერ დიდი საქართველოს ეკონომიკაა.

კითხვა: უსაფრთხოება როგორ იქნება დაცული?

პასუხი: აქამდე გეოპოლიტიკურ ბალანსს ევროკავშირი და რუსეთის ფედერაცია განაპირობებდა.

ბრექსიტის შედეგად იცვლება კონტინენტური წესრიგის არქიტექტურა. უსაფრთხოების გარანტი ხდება აღმოსავლეთი ევროპა. ბრიტანული ქოლგა ამისთვის შეიქმნა. ბოლო გაჩერება კი საქართველოა.

კითხვა: ეს ყველაფერი რომ ავაწყოთ, რამდენი ხანი იმუშავებს?

პასუხი: თქვენ მაჩვენეთ სხვა უფრო მოკლე გზა ევროპასა და აზიას შორის.

ზურაბ მაღრაძე
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი
| Print |