აბრეშუმის გზა
411-ჯერ პატარა და 2-ჯერ დიდი
ნიდერლანდების სამეფო, რომელიც ფართობით 411-ჯერ პატარაა რუსეთზე, წლიურად აწარმოებს 106 მლრდ დოლარის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, რუსეთის ფედერაცია - 38 მლრდ დოლარის.
რა არის ამის მიზეზი?

სამეფოს გააჩნია როტერდამის და ამსტერდამის მაღალი კლასის საზღვაო პორტები. მათ ასევე გააჩნიათ მაღალგანვითარებული რკინიგზის სისტემები. ისინი საწარმოო საშუალებებს ღებულობენ მთელი მსოფლიოდან და შემდეგ წარმოებული პროდუქცია იგივე რკინიგზებით და პორტებით გააქვთ საერთაშორისო ბაზრებზე.
თუ ჩვენ გვინდა სოფლის მეურნეობის განვითარება, გვჭირდება გამართული სარკინიგზო - ბაქნები, სატვირთო ვაგონები, კონტეინერები, საწყობები. ეს იმისათვის, რომ აგროტექნიკა და აგრეგატები ქართველი ფერმერისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

გარდა ამისა, რუსეთი რომელიც ვერ ქმნის სოფლის მეურნეობის სათანადო პროდუქციას, სწორედ ამიტომ არ უნდა იყოს საქართველო მის ხორბალზე დამოკიდებული. ახალქალაქის სარკინიგზო პორტი და ანაკლიის საზღვაო პორტი იმიტომ ჭირდება ქვეყანას, რომ ხორბალი იაფად შემოიტანოს ყაზახეთიდან, უკრაინიდან, რუმინეთიდან და ბულგარეთიდან. ნაწილი კი რეექსპორტის სახით საქართველომ სომხეთსაც მიაწოდოს.
თუ ჩვენ გვინდა მედიცინის განვითარება, სწორედ სამგზავრო მატარებელი უნდა მოძრაობდეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე. სამკურნალოდ აქეთ უნდა მოდიოდეს ხალხი საქართველოში და არა პირიქით. ჯანდაცვის სისტემაა ხარვეზიანი, თორემ საქართველოს საუკეთესო ექიმები ნამდვილად ყავს. ბევრი ქართველი ექიმი უცხოეთიდან აქ დაბრუნდება.

ეს ყველაფერი ტურიზმის დარგსაც ასმაგად გაზრდის. შეგახსენებთ, რომ
მსოფლიოში პირველი ტურისტული სააგენტოს შექმნაც რკინიგზის დამსახურებაა. 1841 წელს, ინგლისელმა თომას კუკმა, 540 ადამიანისთვის ექსკურსია დაგეგმა ლონდონში ღონისძიებაზე დასასწრებად. მოგზაურობა წარმატებული აღმოჩნდა და კუკმა საქმიანობა გააფართოვა ამერიკასა და ევროპაში. ის მგზავრებს მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობდა ტრანსპორტირებით, განთავსებითა და კვებით. 1890 წლისთვის სააგენტო წელიწადში 3 მილიონზე მეტ ბილეთს ყიდდა.
სწორედ გამართული სატრანზიტო ინფრასტრუქურით არის ძლიერი ჰოლანდიაში სოფლის მეურნეობაც, მედიცინაც და ტურიზმიც.

მას შემდეგ როცა საქართველოში სოფლის მეურნეობა, მედიცინა და ტურიზმი განვითარდება, რასაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები და ციფრული DATA ცენტრები დაემატება, სხვა ყველა დარგი თავისით აიღებს განვითარების სტარტს. ამ ნაბიჯებს თუ თავისუფალი საფონდო ბირჟის შექმნაც მოყვება, მერე ხალხი ქვეყანაში ფუტკრებივით აირევა და სადაც ხალხია ეკონომიკაც იქ ვითარდება. მერე ნებისმიერი დარგის ყველა ქართველი სპეციალისტი შინ დაბრუნდება, რადგან საქართველოს ეკონომიკა უბრალოდ დიდი იქნება. დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანას შეუძლია მხოლოდ დიდი თავდაცვის ყიდვაც.

ნიდერლანდები ფართობით რუსეთზე 411-ჯერ პატარაა, ხოლო საქართველო ნიდერლანდებზე 1,7-ჯერ დიდია. ნიდერლანდების ტერიტორიის 18% წყალშია და მის ფართობთან შედარებით 2-ჯერ დიდი გამოდის საქართველო.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ საქართველოსთან შედარებით ორჯერ პატარა ნიდერლანდებს 17 მლნ მოსახლეობა ჰყავს.
ვიდრე საქართველო ლიბერალურ ეკონომიკურ წესრიგს არ შემოიღებს და სატრანზიტო ინფრასტრუქტურას არ დააპრიორიტეტებს, მანამდე ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოგრაფიული ზრდა შეუძლებელია.
| Print |