აბრეშუმის გზა
საქართველოს ბრენდინგი
ბრენდინგი კომპანიების საქმეა, მაგრამ:

ყოველი ფრანგის ეროვნული სიამაყეა ფრანგული ღვინო.

შვეიცარია ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც ყველაზე მეტი საბანკო ფილიალი აქვს მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით. იქ ყოველ 1200 მოქალაქეზე ერთი საბანკო ფილიალი მოდის.

ბრიტანელების სიამაყეა ინდუსტრიული რევოლუცია და გლობალური ვაჭრობის ფინანსების მართვა.

იაპონელებს ტექნოლოგიებში ვერავინ დაეტოლება.

1914 წელს ფილადელფიაში სესხის ოფიცრების მიერ შეიქმნა რობერტ მორისის რისკების მართვის ასოციაცია. ეს იყო პირველი ინსტიტუტი ამ სფეროში. ამერიკას რისკების მართვაში ბადალი არა ჰყავს.

რა არის ქართველი კაცის ეროვნული სიამაყე? რაში მდგომარეობს ქართველი კაცის ფუნქცია? რას წარმოადგენს საქართველო მსოფლიო ქვეყნების ბრენდინგში? რა არის ბოლო-ბოლო ეს ტაბუ დადებული მისია?

ღვინო?
არა და ვერ იქნება, რადგან ახალი ზელანდიაც აწარმოებს მას, სამხრეთ კორეაც და ჩილეც. ღვინის უძველესი ტრადიცია კი ბატონო, მაგრამ არაა ეს საკმარისი, რადგან წარმოება არ გვაქვს მასშტაბური და თანაც, ღვინით, ბორჯომით ან მანდარინით საქართველოს ბედნიერად არც ერთ ეპოქაში არ უცხოვრია.

ცეკვა, ფერწერა, ხუროთმოძღვრება კი ბატონო უდიდესი და ფასდაუდებელი გვაქვს, მაგრამ სხვებსაც აქვთ ისინი. სხვებსაც ეჭირათ ხელში პალიტრა და ფუნჯი.

ერთადერთი პროდუქტი, რომელიც საქართველოსგან ჭირდება მსოფლიოს, ეს სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურებაა, თავისი ქართული სტუმართმოყვარეობით. სხვა პროდუქტს არავინ იყიდის, რადგან არ ჭირდებათ.

არც კორიდორი და არც დერეფანი. ჰაბიც არა. ქართველებს დიდებული სიტყვა მოგვეპოვება საკუთარ ენაში - კარიბჭე.

ზეკარი, კლდეკარი, წილკარი, ხიდიკარი, მცირე კარი, მაიდნის კარი, სოღდებილის კარი, რაბადის კარი, ჰისაქის კარი, თბილისის კარი, აბანოსკარი, ავლაბრის კარი, გოდერძის კარი, წყლის კარი, კანჯის კარი, მაღაროსკარი, კოჯორის კარი, წინამძღვრიანთკარი, ცოდნისკარი, ტაოსკარი, დიღმის კარი, მუხრანის კარი, დარიალის კარი, არაგვის კარი, ისკარი, მაცხოვრისკარი, დილისკარი, ტაშისკარი… ქალაქსაც ერქვა სახელად კარი, ახლა ყარსი ჰქვია. სვანეთშია სოფელი ყარი.

ბევრი კარია საქართველოში. ყველა კარი აბრეშუმის გზას ემსახურებოდა. ისინი რეკონსტრურდებიან, მაგრამ ახალ სხეულში ბებერ სულებს მაინც ინარჩუნებენ, საუკუნეების წინათ დიდებული მოვლენების მომსწრენი რომ გამხდარან. ასაკის მიუხედავად კი ამ მოვლენების გახსენებით არ იცვითებიან. ქარავნებიც მალე გამოჩნდებიან.

ქართულ ენაში ილიამ შემოიტანა და დანერგა სიტყვები: ღირებულება და მიმართულება.

საქართველოში ყოველი კარი ეგვიპტიდან, ავღანეთიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, იტალიიდან, ირანიდან, ბალტიიდან და არაბეთიდან მომავალ ქარავნებს ემსახურებოდა. საქართველო ყოველი პირველი კარით ქარავანს ხვდებოდა და შემდეგ იმავე ქარავანს მეორე კარით აცილებდა. კარიდან კარამდე მიმართულებასაც და ღირებულებასაც ქართველები აწესებდნენ. და მაშინ ღვინოსაც და პურსაც სხვა ფასიც ჰქონდა.

ფოტოზე თქვენ ხედავთ 3600 წლის აბულის ციხეს. აბული ასურულ ენაზე ნიშნავს კარიბჭეს. კარიბჭეა საქართველო და კარიბჭეა საქართველოს ბრენდინგი!
| Print |