აბრეშუმის გზა
მენტალური ევოლუცია
ჯენზი თაობა არ არის აპოლიტიკური. რასაც ისინი აკეთებენ ყველანაირად არის პოლიტიკური ქმედება, ოღონდ ახალი თაობა არ არის პარტიული, რადგან არც ერთ პარტიას არ დაუმსახურებია მათი ნდობა. აპოლიტიკური და არაპარტიული სხვაობა კოლოსალურია.

ახალგაზრდები მკაფიოდ გრძნობენ, რომ სწორედ ისინი არიან პოლიტიკური კლასის დამკვეთი. ისინი პოლიტიკოსებს აკისრებენ ქვეყნის და ხალხის მსახურების ვალდებულებას. არ უტოლებენ პოლიტკლასს თავს, არ ექიცინებიან, არ ეკუკლეცებიან, უმთავრესი, არ აღიქვამენ მათ უფროსებად. ეს არის ყველაზე უმთავრესი მენტალური გარღვევა, რაც ჩვენს თავს მოხდა.

უფროს თაობას ეს სასწავლი გაქვთ. გაქვთ მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ პირადად მე პოლიტიკოსების "უფროსობას" კატეგორიულად რომ არ ვცნობ, ამიტომაც არ მწყალობენ. ამიტომაც მიჭირს საერთო ენის გამონახვა პარტიების უფროსობაზე დამოკიდებულ მხარდამჭერებთან. ამიტომაც ვერ მაქვს ურთიერთობები პარტიებთან, მათ ლიდერებთან, მედიასთან, რადგან ისინი სულ "სხვა" უფროსების დაკვეთებს ასრულებენ და არა მოქალაქეების.

რას ვიზამთ. ვინც იხდის ფულს, მუსიკასაც ის უკვეთავს. ვინც იხდის კი იცით და რუსული კანონიც იმისთვის უნდათ, რომ სხვა ფული არ შემოდიოდეს, რომელიც სახელმწიფისგან დამოუკიდებლობას იძლევა.

დემოკრატია თუ გვინდა სწორედ მოქალაქე არის პოლიტიკურ კლასზე "ოდნავ მაღლა". დემოკრატიაში სწორედ სამოქალაქო საზოგადოება არის პოლიტიკური დღის წესრიგის დამკვეთი. ოღონდ არსებული ოლიგარქიულ მონოპოლური ეკონომიკის სისტემა არ იძლევა საშუალებას, მოქალაქეებმა თავად რომ დავაფინანსოთ და დავიქირავოთ პარტიები და პოლიტიკოსები.

უფულობა და სიღარიბე ქმნის საკუთარი უსუსურობის განცდას. მე არ მიქმნის, მიჩვეული ვარ, არც გრანტი ამიღია არასდროს, რამე მაქვს თუ არ მაქვს მაინც ვამბობ სათქმელს და ვიტყვი სანამ ცოცხალი ვარ. ასეთ მდგომარობაში, არსებულ უსამართლო სისტემაში მითუმეტეს გენიალურია ახალგაზრდა თაობის სულისკვეთება და მათი მენტალობა.

ახალმა თაობამ მენტალური ევოლუცია მოახდინა. 

თქვენც მიეჩვიეთ როგორმე, მიბაძეთ ჩვენს დიდებულ ყმაწვილებს. მინისტრები, პრეზიდენტები, პარლამენტარები, პოლიტიკოსები არ არიან თქვენი უფროსები. გაითავისეთ ძვირფასებო. სწორედ თქვენ, მოქალაქენი ხართ და უნდა იყოთ პოლიტიკოსების "უფროსები". ისინი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის არიან, რომ ემსახურონ ხალხს და ქვეყანას. თანამდებობების სავარძლები უნდა გადავუქციოთ "ელექტროსკამებად". ერთი უგვანო აზრიც, რომ ვერ დაიბადოს მათ ტვინებში.
| Print |