ფეხბურთის ხარისხი ცალსახად გვაქვს ისეთი, როგორიც ყველას ენატრება - თეიმურაზ ზაქრაძე
სატურნირო სტრატეგიით იდეალურია, როცა გუნდი თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს, უმატებს. ყველა 7 მატჩის მოგება ძალიან ძნელი ამბავია. ამ მხრივ ცალსახად აღმავალ გზაზეა ჩვენი ნაკრები. მარცხი, ფრე, მოგება.
2004 წლის საბერძნეთის გაჩემპიონების ანალოგია ყველას გაგვიჩნდა აქაც და ევროპაშიც. ჩამრჩა ტიტულის შემოქმედის, ბერძნების ნაკრების თავკაცის ოტორი ჰაგელის სიტყვები - ჩვენ გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ მთელი ქვეყნის გაერთიანება შევძელითო.
ოღონდ საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთი ნამდვილად არ ყოფილა რაღაცა ფეერიული და გამორჩეული, პრაგმატული, ძალისმიერი და სულაც ანტიფეხბურთად შერაცხა ბევრმა. არ იყო მისაბაძი, მაგრამ შედეგი მოიტანა და იქონია გავლენა. ბოლო 20 წელი ევროპული ფეხბურთი შედეგზე ორიენტირებული ნაკლებად სანახაობრივი გახდა კიდეც.
ჩვენ ბევრად განსხვავებულ და უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ბერძნები. ფეხბურთის ხარისხი ცალსახად გვაქვს ისეთი, რაც ყველას ენატრება. რომანტიკული, ცოცხალი, აზარტული. ,,ავხტით" თავზე მაღლა, შევაბიჯეთ ევროპულ სივრცეში, უცებ გავუტოლდით დიდ სახელოვან ნაკრებებს. უცებ "გავიზარდეთ" ევროპის და მსოფლიოს თვალში.
სწორად თქვა გია ცეცაძემ, ჩვენ კი ვიცით, საფეხბურთო ქვეყანა რომ ვართო. დიახ, ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი, გამორჩეული საფეხბურთო სკოლა და ტრადიციები. ამაზეა აღმოცენებული ჩვენი ოქროს ბიჭების ფეხბურთი. უბრალოდ, აქამდე სარბიელი არ გვქონდა რომ გვეჩვენებინა.
ახლა ევროპამ და მსოფლიომაც გაიგო და დაინახა. ბოდიშიც მოგვიხადეს, აქამდე რომ არ გიცნობდითო, რადგან დაცვა უფრო გვიწევს. ,,ავტობუსის ჩაყენებას" ძნელად თუ დაგვაბრალებს ვინმე, იმიტომ რომ მოძრავი, სწრაფი, ბრძოლისუნარიანი და კონკურენტუნარიანი ფეხბურთი გვაქვს.
შოკისმომგვრელმა, უპირობოდ დამსახურებულმა გამარჯვებამ პორტუგალიასთან უკვე ააყირავა ევროტურნირი და ევროპული ფეხბურთი. ასე, რომ ცოტა უკეთ დღეში ვართ, ვიდრე საბერძნეთი.
ჩვენი, ხალხის, ქვეყნის ტოტალური ცალსახა ერთიანობის გარდა, ნაკრებმა დაიპყრო ევროპელების და მსოფლიოს ქომაგების გულები. უცხოელ ქომაგებს ისეთივე დიდი სურვილი აქვს როგორც ჩვენ, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი დარჩეს ქართული ნაკრები ევროპის ტურნირზე.
დიდი პოზიტიური ენერგია მოიზიდეს ბიჭებმა. უკვე გახდა ჩვენი ნაკრები ტურნირის მშვენება. ფრიად სიმბოლური ის არის, რომ ეს გზა საბერძნეთის დამარცხებით დავიწყეთ...
თეიმურაზ ზაქრაძე
ჰარმონიული გლობალიზაციის და მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი,
აბრეშუმის გზის ასოციაციის დამფუძნებელი პარტნიორი