ინტერვიუ
ვაქცინაციის დადებითი შედეგები ათასჯერ სჭარბობს იმ ზიანს, რომელიც შეიძლება მოგვაყენოს COVID19-მა - გიორგი კამკამიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 27 აპრილის ინფორმაციით, საქართველოში 40 095 აცრაა ჩატარებული. აქედან 3 622 ადამიანმა უკვე გაიკეთა ვაქცინის ორივე დოზა. სამცხე-ჯავახეთში 18 მარტს შეჩერებული ვაქცინაციის პროცესი დღეს, 27 აპრილს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში განახლდა.

რატომ არ იცრებიან მოქალაქეები და როგორ მუშაობს ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ - თემაზე იმუნოლოგ-ალერგოლოგ, კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორ გიორგი კამკამიძეს ვესაუბრეთ.

თქვენი აზრით, როგორ არის შესაძლებელი მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ ვაქცინაცია არის უსაფრთხო და აუცილებელი?

ძალიან იშვიათია, როცა ანაფილაქსიური რეაქციის გამო იღუპება ადამიანი. ეს შემთხვევა (მეგი ბაქრაძის გარდაცვალება, რედ.) არის გამონაკლისი. ჯამში, ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების დროს, 2%-ს არ აღემატება სიკვდილობა, ეს ციფრი მოიცავს, როცა შემთხვევა ვითარდება სამედიცინო დაწესებულებიდან შორს, ანუ როცა სამედიცინო ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. მაგალითად, მწერების ნაკბენის დროს არის ასეთი ფატალური შემთხვევები, სამედიცინო დაწესებულებაში უკიდურესად იშვიათია.

ეს იყო გამონაკლისი, უბედური შემთხვევა, არ შეიძლება ამის გამო შეწყდეს ვაქცინაციის პროცესი, ვინაიდან სიკვდილის შემთხვევები, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსთან, აღემატება რაოდენობით. ჩვენ უნდა გადავლახოთ ეს ცუდი შემთხვევა და სიფრთხილით უნდა გავაგრძელოთ ვაქცინაცია.
ეს შემთხვევა ახდენს მძიმე გავლენას კორონავირუსის ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიაზე, რასაც სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ჩვენ გვიახლოვდება ე.წ. მესამე ტალღა.

მოსახლეობის განწყობებზე რომ ვისაუბროთ, ყველაზე ხშირად გვესმის, რომ ვაქცინა მოკლე დროში შეიქმნა და არავინ იცის, რამ შეიძლება იჩინოს თავი ორ-სამ წელიწადში. ასევე ამბობენ, რომ არ იციან ვაქცინის მუშაობის მექანიზმი და შიშობენ, რომ მოხდება დნმ-ის დაზიანება ან შეცვლა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ვაქცინიდან არჩევანის საშუალება. თავიდანვე იყო თეორიული შიშები ჩვენი გენუმის დაზიანებაზე, განსაკუთრებით დნმ ვაქცინებზე, ასეთს მიეკუთვნება „ასტრაზენეკა“, „ჯონსონი“, რუსული „სპუტნიკი“, რომელიც ასევე იყენებს ვირუსულ გადამტანს, ე.წ. ადენოვირუსს, რომელსაც ვიყენებთ, როგორც ჭურჭელს, რომელსაც გადააქვს ვირუსის გენი - ინფორმაცია, რომელიც შეიცავს გვირგვინოვანი ცილის, ანუ სპაიკ პროტეინის დამზადების ინსტრუქციას. შედეგად, ჩვენი უჯრედები გარედან მიიღებენ ამ ინფორმაციას და იწყებენ გამომუშავებას ამ ცილების. ამის შემდეგ ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს იმუნიტეტს და როდესაც ორგანიზმში ნამდვილი კორონავირუსი მოხვდება, მზად ვიქნებით მასთან გასამკლავებლად. ასეთი მექანიზმი აქვს დნმ ვაქცინებს.

რნმ ვაქცინები არ გადიან ასეთ რთულ პროცესს, ის შეიცავს მხოლოდ სპაიკ პროტეინის შესახებ ინფორმაციას. ის შედის ჩვენს უჯრედებში, მაგრამ არა ბირთვში. აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ ჩაინერგება ჩვენს გენეტიკურ მასალაში. მექანიზმი იგივეა, გამომუშავდება სპაიკ პროტეინი და ჩვენი ორგანიზმი რეაგირებს უცხო ცილაზე. „ფაიზერი“ და „მოდერნა“ რნმ ვაქცინებს მიეკუთვნება.

ესენი ახლი ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინებია, რომელთა გამოყენება ასე მასიურად ადრე არ ხდებოდა. თუმცა, ექსპერიმენტის დონეზე ათწლეულებია ეს ტექნოლოგიები გამოიყენება. მაგალითად, სიმსივნეების სამკურნალოდ, გენური თერაპიისთვის, როცა ბავშვს აქვს გენეტიკური დაზიანებები.

არის კიდევ ორი ჯგუფი - “სინოფარმი“, რომელიც საქართველოში უკვე შემოსულია, დახოცილი ვირუსების შემცველი ვაქცინაა. ეს არის ძველებური ტექნოლოგიით დამზადებული, ისეთივე როგორც გრიპის ვაქცინა. ამიტომ აქ რაიმე მოულოდნელობები არ გვაქვს, თუმცა ახალი ტექნოლოგიით დამზადებულ ვაქცინებთან შედარებით, ეფექტურობა დაბალია.

კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც მალე შემოვა და ჩემი აზრით, საქართველოს პირობებში ყველაზე პერსპექტიულია, ე.წ. ცილოვანი ვაქცინებია. პირველი მერცხალი ამერიკული „ნოვავაქსია“, რომელიც არ შეიცავს არანაირ გენეტიკურ ინფორმაციას. ის არის გაწმენდილი სპაიკ ცილების შემცველი ვაქცინა, ასაკობრივი შეზღუდვა არ არის და ლოჯისტიკურადაც მისი შენახვის პირობები ჩვეულებრივია.

არა მხოლოდ 55 წლის ასაკის ზევით მოქალაქეები, არამედ სამედიცინო პერსონალიც კი თავს იკავებს ვაქცინაციისგან. როგორ ფიქრობთ, რატომ გვაქვს ასეთი მდგომარეობა ექიმებთან, რომლებმაც წესით უფრო მეტი იციან ვაქცინის და მისი უსაფრთხოების შესახებ, აქვთ კი საკმარისი ინფორმაცია სიახლეების შესახებ?

სამწუხაროდ, საქართველოში ახალი ვაქცინების მიმართ ტრადიციულად, სკეპტიკური დამოკიდებულებაა. მაგალითად, გრიპზე ვაქცინაცია ყოველთვის პრობლემური იყო. რაც შემოდიოდა, არ იხარჯებოდა. ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართაც ძალიან სკეპტიკურად იყვნენ ჯანდაცვის მუშაკები და ფაქტობრივად, არ კეთდებოდა.

ცუდი მიმღებლობა იყო მაგალითად, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე, რომლებიც ფაქტიურად, სიმსივნის პროფილაქტიკას ახდენს. ეს ინერცია გადმოვიდა კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სწრაფად მოხდა ვაქცინების შემუშავება და აღიარება. სახელდება ისიც, რომ ვაქცინები არ იქნება ეფექტური და ამიტომ არ ღირს მათი გამოყენება.

როცა გვაქვს ვაქცინის არჩევანის საშუალება, უფრო არის მიმღებლობა. თუ ჩვენ გავზრდით ვაქცინების სახეობას საქართველოში, ვფიქრობ, რომ ვაქცინაციაზე დამოკიდებულება გაცილებით უკეთესი იქნება. თანდათან ასე მივაღწევთ იმ მიზანს, რომელიც გვაქვს - ეს არის მოსახლეობის 60-70% აცრა.

ასე აპირებს მსოფლიო პანდემიის შეჩერებას, სხვა საშუალება ჯერჯერობით, არ ჩანს, რადგან არ გაამართლა და არ არის ეფექტური ვირუსის სამკურნალო პრეპარატებმა.

ახალციხელი მედდის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებამ გადაწონა 4 ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილი, რომლებიც საქართველოში, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალნენ.

სამწუხაროდ, ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრობლემაა, რომ ჯანმრთელი ადამიანის აცრა ხდება და ასეთი შემთხვევა (მეგი ბაქრაძის გარდაცვალება, რედ.) არის ძალიან მძიმე შედეგის მომტანი მთელ პროცესში. როდესაც ინფიცირებულია ადამიანი და მას მკურნალობ, აქ მძიმე შედეგი არ არის ისეთი ცუდი შედეგის მომტანი, როგორც ჯანმრთელი ადამიანის სიკვდილი.

მაგრამ ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების რეალურმა ანალიზმა საშუალება მოგვცა, რომ კვლავ ვთქვათ - ვაქცინაციას არ აქვს ალტერნატივა. მის მიერ მიღებული დადებითი შედეგები ასობით ათასჯერ სჭარბობს იმ ზიანს, რომელიც შეიძლება მოგვაყენოს კორონავირუსმა.

ხშირად ქრონიკული დაავადებების მატარებელი ადამიანები შიშით უყურებენ ვაქცინაციას და ამას იყენებენ საბაბად, რომ არ აიცრან. ეს შეიძლება მძიმე შედეგების მომტანი იყოს. ვინაიდან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები არიან ის ჯგუფი, სადაც ველით ვირუსის გართულებას და სიკვდილის შემთხვევებს.

ათასობით ადამიანი დაიღუპა პირველი ტალღის დროს და მეორედ რომ აღარ მოხდეს ამის გამეორება, მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოვიცვათ ვაქცინაციით.
| Print |