ინტერვიუ
“როცა რამეს ვაფუჭებდი ვიცოდი, რომ 3 საათი მუხლებზე დაჩოქება მომიწევდა” - ბავშვთა სახლის ბენეფიციარი
ნინოწმინდაში ბავშვთა სახლი 2004 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დეკანოზმა გრიგოლმა (ახლა უკვე მთავარეპისკოპოსი სპირიდონი, რედ.) დააარსა, მანამდე ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი ზესტაფონში ფუნქციონირებდა. სწორედ მისი ერთ-ერთი აღსაზრდელი იყო ხვიჩა ოსიაშვილი, რომელმაც ჩაკეტილ დაწესებულებაში ექვსი წელი იცხოვრა. ის პანსიონში რვა წლის ასაკში მიიყვანეს, ბიოლოგიურ მშობლებთან კი 14 წლისა დაბრუნდა.

როგორ მოხვდით პანსიონში?

მე სხვა ბავშვთა სახლიდან გადავედი, მანამდე ჩაქვის ბავშვთა სახლში ვიყავი. იმ პირობებთან შედარებით, მეუფეს (მეუფე სპირიდონი, რედ.) ბავშვთა სახლი იყო სამოთხე. ჩაქვში 24 საათი მშივრები, უპატრონოდ ვიყავით. ვინ სად დადიოდა, ვინ რას აკეთებდა,,, ერთი ძიძა ჰყავდა 300-400 ბავშვს. დავდიოდით სოფელში, ჩაქვში, ყველგან დავწანწალებდით. ჩაცმა, დარეცხვა სუფთა ლოგინი ჩვენთვის არ იყო. სისუფთავეზე მეუფესთან ცუდს ვერ ვიტყვი.

ოთხი ჯგუფი იყო - პატარების, მოზრდილების, საშუალო და დიდი ჯგუფი. ოთხივე ჯგუფში მომიწია ყოფნა. ვიღვიძებდით დილით, ვჭამდით და ვმეცადინეობდით. ვამზადებდით გაკვეთილებს, თუ ამინდი იყო ეზოში ვთამაშობდით, ძირითადად ოთახში.

სხვა ბავშვთა სახლებში რა ხდებოდა არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან ყურადღებას მამაო (დეკანოზი გრიგოლი, მოგვიანებით მთავარეპისკოპოსი სპირიდონი, რედ.) იჩენდა ჩვენს მიმართ, თვითონაც იქვე ცხოვრობდა.

დასჯით ყველა ისჯებოდა, საკუთარ შვილებსაც ვსჯით. თუ რაღაცას გააფუჭებს, თავზე ხელს არავინ გადაუსვამს. დასჯა იყო ნორმალურ ფარგლებში - ხელით შეხება არ იყო და როგორც ამბობენ მდუღარე წყალში გვსვამდნენო, სისულელეა.

რას გულისხმობთ ნორმალურ ფარგლებში დასჯას? რა მეთოდებით გსჯიდნენ აღსაზრდელებს.

დასჯა იყო მეტანიები, რამდენიმესაათიანი დაჩოქება. მეტანიები შეიძლება ყოფილიყო 30, 50.

როცა რამეს ვაფუჭებდი ყოველთვის ვიცოდი, რომ დავისჯებოდი. ისიც ვიცოდი, რომ 2-3საათიანი მუხლებზე დაჩოქება მომიწევდა, მაგრამ მაინც ვაკეთებდი. რომ გსჯიან ხალიჩას არავინ დაგიგებს, ბეტონზე ვიდექით მუხლებით. რამდენიმე ბავშვს სიცელქეში ბადალი არ გვყავდა.

მუხლებზე რომ გვაჩოქებდნენ, როგორც კი თვალს მოგვარიდებდნენ, ეგრევე ვჯდებოდით. იმ სამ საათს ისე ვატარებდით,,,

ერთხელ, დავისაჯე და სახალხოდ დამაყენეს ეზოში მუხლებზე. მიყურებდა ეზოს დაცვა, რომელიც გვყარაულობდა, რომ ბავშვები არ გავპარულიყავით. გამოვიდა მეუფე ეზოში და ვიჯექი, ვინ გითხრა დაჯექიო, მე ვუთხარი დაცვამ მომცა ნებაო, არ მომწონდა ეს დაცვა. იმის გამო მოვატყუე მეუფე, რომ სამსახურიდან გაეშვა. დიდი ფანტაზიის უნარი გვქონდა, უარესებს ვაკეთებდით.

რა მეთოდებიც იყო, იმას ხმამაღლა ვამბობ. შეიძლება ეს ლაპარაკი მეუფეს ეწყინოს და არ ესიამოვნოს, მაგრამ ვამბობ იმას, რასაც იქ განვიცდიდით. არ მაინტერესებს ვის რა ეწყინება ჩემი ნათქვამიდან, რადგან სიმართლეს ვიძახი.

სულ კანკალი ამიტყდა იმას რომ ვისმენდი, მდუღარე წყალში გვსვამდნენ, გვცემდნენ - ეგრე არ იყო. არც მე მომწონდა დასჯა, მაგრამ იმას არავინ ამბობს ეს გავაფუჭე და ამის გამო დავისაჯეო.

ბავშვი რომ მეორე სართულიდან გადმოძვრება და "ჟოლოფით" ჩამოვა ეზოში, რომ დაგსჯიან ხომ უნდა იცოდე?

ერთი შემთხვევა იყო მკაცრად მოქცევის. ერთი მასწავლებელი მეუფემ სამსახურიდან გაუშვა იმის გამო, რომ ბავშვს უყვიროდა. ისე შემოვიდოდა ჯგუფში მეუფე, რომ კაციშვილი ვერ გაიგებდა.

თუ რამეს დავაშავებდით, მეუფეს აღსარებაში ვეუბნებოდით. მეტანიებს თუ დაგვადებდა, მეტს არაფერს.

თუ აპროტესტებდით ამ პირობებს?


იქ ყველაფერს ვაპროტესტებდით და ყველაფრით უკმაყოფილოები ვიყავით. იქ ცხოვრება ცოტა რთულია. ბავშვი მოწყვეტილი ხარ ყველაფერს, გინდა მზრუნველობა. ფანჯრიდან ხედავ, რომ გვერდზე სახლის ეზოში ბავშვები თამაშობენ, დედ-მამა ეძახის, უყურებ, რომ სხვას ყველაფერი აქვს, შენ არაფერი. ხარ გამოკეტილი.
ამ დროს გიჩნდება პროტესტი. ჩემები რომ მოდიოდნენ ისეთ რაღაცებს ვუყვებოდი, რომ,,, რას მოვიტყუებოდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი იყო იქიდან წავეყვანე. რეალურად რაც არ იყო, იმასაც ვიძახდი. მაგალითად, ვითომ გვცემენ, ტყუილად დაგვსაჯეს, ყველაფერს ვიგონებდით, მთავარი იყო გავსულიყავით ეზოს გარეთ.

იქ ჩაკეტილები ვიყავით, ეზოს გარეთ გასვლის უფლება არ გვქონდა. შემოღობილში ვიყავით და გვაინტერესებდა რა ხდებოდა გარეთ. მე ხშირად ვისჯებოდი იმის გამო, რომ ვიპარებოდი ეზოს გარეთ. გვერდზე კორპუსის ბავშვებთან გადავდიოდი და ვთამაშობდი.

მეუფე 24 საათი იქ არ იყო, იმ პერიოდში ძალიან ჭირდა. ყოველთვის სახსრებს დაეძებდა, რომ პანსიონატი როგორმე ერჩინა. იქ მარტო საჭმელ-სასმელი არ იყო, ჩაცმა უნდოდათ ბავშვებს, მკურნალობა უნდოდათ. არავინ იფიქროს, რომ მეუფეს ვაქებ, მართლა ძალიან ბევრს გვიკეთებდა.

ფიქრობთ, რომ აღზრდის ეს მეთოდი სწორია? თუ თქვენს თანატოლებთან გექნებოდათ ურთიერთობა, რომლებიც პანსიონში არ ცხოვრობდნენ, უფრო მომზადებული ხომ არ იქნებოდით საზოგადოებაში დაბრუნების დროს?

რაღაც დონით გეთანხმებით, ის რეალობა უნდა გვცოდნოდა, რა ხდებოდა გარეთ. იქიდან გამოსულებს რეალურ სამყაროსთან დაწევა გაგვიჭირდა. ბევრი რამე არ იცი, ისეთ კითხვებს სვამ, იმ ასაკის ბავშვისთვის რომ მიუღებელია.

მე ვფიქრობ, ამით მეუფე გვიცავდა ცუდი სიტყვების, საქციელის სწავლისგან. იქ დრო ეთმობოდა ლოცვას, საღვთო წერილებს. ძირითადი სწავლა-განათლება სასულიეროს მხრივ მიდის.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენ რომ იყოთ ასეთი დაწესებულების ხელმძღვანელი, რას შეცვლიდით მის ფუნქციონირებაში?

მე რომ დირექტორი ვყოფილიყავი, რასაც გავაკეთებდი, პედაგოგთან ერთად დავსვამდი ბავშვებს და მივცემდი საშუალებას სხვადასხვა გადაცემისთვის ეყურებინათ. თან ავუხსნიდი ბავშვებს ყველაფერს. ჩვენთან ტელევიზორი იყო, მაგრამ არ ვუყურებდით. ვიდეოში ქართულ ფილმებს გვაყურებინებდნენ.

ყოფილი და ახლანდელი ბენეფიციარები ძირითადად, აღმზრდელების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობენ. თქვენთან რა ხდებოდა?

ჩემი ჯგუფის დამრიგებელი დედასავით გვექცეოდა. იცოდა ყველა ბავშვის ისტორია, ვინ საიდან, როგორ მივიდა იქ და რა გზით მოხვდა პანსიონატში. ყურადღებას იჩენდა, თუ შეამჩნევდა რომ რამე გვიჭირდა, როგორც დედა შვილს მიუჯდება და დაელაპარაკება, ეგრე გვესაუბრებოდა.

სკოლაში თუ დადიოდით?

გარეთ არ გავდიოდით, სკოლის პედაგოგები შემოდიოდნენ და გაკვეთილებს გვიტარებდნენ. სწავლის სისტემა არეული იყო. რა დროს რა გაკვეთილი გვიტარდებოდა არ ვიცოდით. სკოლის მასწავლებელი როცა გათავისუფლდებოდა, მერე მოდიოდა და გვიტარებდა ჩვენ.

რა მოგცათ პანსიონატმა?

პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის მეტი ყურადღების დათმობა. მასწავლა ის, რომ მარტოკამ უნდა გაიტანო თავი. ბავშვთა სახლში სისუსტეს ვერ გამოიჩენ. იქ რომ ვინმემ შეგამჩნიოს ცრემლი გადმოგვარდა თვალიდან, ან მშობელი მოვიდა და იტირე, ან რაღაც სისუსტე გაქვს, იჩაგრები. იქ ცდილობ, შენი სიძლიერე აჩვენო. გაბრაზების მიზნით შეიძლება წამოაძახო, მტირალა ხარო. ეს ყველა ბავშვთა სახლშია და ამას მასწავლებელი ვერ გააკონტროლებს.

როდის და რატომ დატოვეთ პანსიონი?

14 წლის რომ ვიყავი, სამთვიან საზაფხულო არდადეგებზე წამოვედი სახლში და უკან აღარ დავბრუნდი. მამაჩემმა გამოთქვა სურვილი, რომ მე იქ აღარ წავსულიყავი. რომ გადმოვედი სკოლაშიც გამიჭირდა.

ჩემი გადმოსახედიდან, მე იქიდან რომ არ წამოვსულიყავი, იქ რომ გავზრდილიყავი, ბევრად უკეთ ვიქნებოდი.

ერთადერთი, რაც დღემდე მწყინს მეუფისგან, ვფიქრობ რომ არ უნდა გამოვეშვი, მაგრამ მერე ვიღაც იტყოდა, რომ ბავშვი სახლში არ გაუშვაო.
ფოტოზე: ხვიჩა ოსიაშვილი და სხვა ბენეფიციარები ბავშვთა სახლში

ხვიჩა ოსიაშვილი ახლა თბილისში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
| Print |